Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჩხენკელი
არქიტექტორი
date of birth 1910
ცნობილი ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ივანე ჩხენკელი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბათუმში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1928 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, საიდანაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1933 წელს დაამთავრა არქიტექტორის სპეციალობით. ივანე ჩხენკელს მთელი ცხოვრების მანძილზე ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში, ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მუშაობას ეწეოდა. 1943-1944 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორის მოადგილე, 1944-1949 წლებში კი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ არქიტექტურულ სამმართველოს განყოფილების უფროსი. 1959-1970 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. პარალელურად პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოებს ინსტიტუტ ,,თბილპროექტში’’. მიუხედავად განუწყვეტელი სამსახურებრივი დატვირთვისა, ივანე ჩხენკელი ნაყოფიერ არქიტექტურულ-საპროექტო მუშაობას ეწეოდა. მისი პროექტებით მოხდა თბილისში კავშირგაბმულობის სახლის რეკონსტრუქცია 1954 წელს. აშენდა საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები ქუთაისში, ფილარმონიის შენობა თბილისში 650-ადგილიანი მცირე და 25000-ადგილიანი დიდი საკონცერტო დარბაზებით. ივანე ჩხენკელი მონაწილეობდა თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის 1970-2000 წლების გენერალური გეგმის შედგენაში. ივანე ჩხენკელი იყო არქიტექტორთა საერთაშორისო ყრილობების სამგზის ლაურეატი - პრაღაში, ვარნასა და ჰავანაში. 1973 წელს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის შენობის არქიტექტურისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1991 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.