Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათელა იმედაძე
ფსიქოლოგი
date of birth 1929

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათელა იმედაძე დაიბადა 1929 წლის 2 ივნისს ქალაქ თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც სწავლობდა 1955 წლამდე. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ბავშვის მიერ ორი ენის ერთდროული დაუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი”, ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მეორე ენის დაუფლების ექსპერიმენტული კვლევები”. 1957-1978 წლებში ნათელა იმედაძე მუშაობდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1973-2006 წლებში იყო ფსიქოლოგიის კათედრის გამგე სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ზოგადი, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსებს. 2006-2010 წლებში იყო ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სადაც კითხულობდა სალექციო კურსებს ასაკობრივ ფსიქოლოგიასა და უცხო ენის სწავლების ფსიქოლოგიაში. ნათელა იმედაძის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები მოღვაწეობის დასაწყისშივე გამოიკვეთა. ავტორია 100 მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის. მისი ნაშრომები წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს შემდეგი საკითხები: ფსიქოლინგვისტიკა, მეტყველების განვითარება, მეორე ენის დაუფლება, სტრესი, მისი როლი სწავლაში და ა.შ. ნათელა იმედაძე ასევე აქტიურად მონაწილეობდა ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებსა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ ევროპულ კონფერენციებში. 1995-1996 და 2001-2002 წლებში მონაწილეობდა ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში გერმანიასა და შვეიცარიაში. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსებს: ბილინგვიზმის ფსიქოლოგიას – ბუდაპეშტში და ფსიქოლინგვისტიკას კელნის უნივერსიტეტში.