Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფატი ხუნდაძე
ფსიქოლოგი
date of birth 1895

პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, ფსიქოლოგი და საზოგადო მოღვაწე ფატი ხუნდაძე დაიბადა 1895 წელს. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915-1918 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც 1924 წელს წარმატებით დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წელს ფატი ხუნდაძე მეუღლესთან, ცნობილ მკვლევარ-ეკონომისტ იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორ ნესტორ გაბილაიასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. ფატი ხუნდაძე მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დღეს აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელს ატარებს. დიმიტრი უზნაძესთან ერთად ფატი ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ფატი ხუნდაძე ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევისა და მონოგრაფიის. მათ შორის აღსანიშნავია: ,,სასკოლო ასაკის ბავშვთა შემეცნებითი ინტერესები მათი შეკითხვების საფუძველზე’’, ,,საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა’’ და ა.შ. მეცნიერის შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. ფატი ხუნდაძე გარდაიცვალა 1978 წელს.

შრომები:

 

  • ბავშთა შრომითი მოქმედების ფსიქოლოგიური საფუძვლები, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.
  • სასკოლო ასაკის ბავშვთა შემეცნებითი ინტერესები მათი შეკითხვების საფუძველზე (ექსპერიმენტალური გამოკვლევა), ტფ.: პედაგოგიკის სამეცნ. კვ. ინ-ტის გამ-ბა, 1936.
  • სკოლამდელი ასაკის ბავშთა სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლების საკითხისათვის, თბ.: მეცნიერება, 1966.

ბიბლიოგრაფია