Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ლომოური
ისტორიკოსი
date of birth 1883

დაიბადა 1883 წლის 23 სექტემბერს. 1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1924 წლიდან თამარ ლომოური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან – ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931-1952 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. თამარ ლომოურმა თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას, მათი სრული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. მან საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს. აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხს. თამარ ლომოურმა შეისწავლა რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემი და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები. პირველმა დაიწყო საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემური გამოკვლევა. გამოიკვლია რუსთაველის ეპოქის მონეტები, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხები: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი (1298-1299), XIII-XIV საუკუნეებში ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ისტორიული ხასიათის ნარკვევი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის ,,საქართველოს გეოგრაფია’’, აგრეთვე დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტორიო თხზულებათა კრიტიკული გამოცემა, როგორც მთავარი რედაქტორის წევრმა და რეცენზენტმა, დიდი წვლილი შეიტანა ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის’’ შექმნაში. 1931 წელს უნივერსიტეტის ნუმიზმატიკური კაბინეტის მონეტები და ინვენტარი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა და აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით ნუმიზმატიკის განყოფილება დაარსდა. თამარ ლომოური კი ძველი ხელოვნებისა და ისტორიის განყოფილების ასისტენტ- ნუმიზმატად დაინიშნა. მეცნიერს 15 წლის განმავლობაში სისტემაში მოჰყავდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტის უმდიდრესი კოლექციები. მისი დაუღალავი შრომის შედეგად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თავი მოიყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციებმა. თამარ ლომოურის მიერ ეს კოლექციები თავიდან იქნა კლასიფიცირებული და განსაზღვრული. თამარ ლომოური ითვლება ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებლად საქართველოში. გარდაიცვალა 1965 წელს.