Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ ვირსალაძე

date of birth 1907
1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პარალელურად სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. თინათინ ვირსალაძე იყო ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე, თინათინ ვირსალაძე მოღვაწეობდა ინსტიტუტში, სადაც იგი ჯერ განაგებდა სახვითი ხელოვნების, შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. თინათინ ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი. მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებისა და ღირებულების დადგენისათვის. ამასთან, არაერთი ნაშრომი უძღვნა თინათინ ვირსალაძემ XIX საუკუნისა და XX საუკუნის ქართულ სახვით ხელოვნებასაც. 1935 წელს ოჯახის შექმნის შემდეგ გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც თინა ცნობილი ბიზანტიოლოგის, დიმიტრი აინალოვის ასპირანტი გახდა. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, თინა ვირსალაძე მუზეუმ „მეტეხში“ მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც დაუმეგობრდა დიმიტრი შევარდნაძესა და ქეთო მაღალაშვილს, რომელსაც ეკუთვნის თინათინ ვირსალაძის ყველაზე ცნობილი პორტრეტები. 1937–1939 წლებში იგი ლექციებს კითხულობდა ხელოვნების ზოგად ისტორიაში მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში. 1937–1941 წლებში ასევე მუშაობდა ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ფერწერის განყოფილების ხელმძღვანელად მუზეუმში „მეტეხი“. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ (1941 წელი) თინა ვირსალაძემ, გიორგი ჩუბინაშვილის მიწვევით ამ ინსტიტუტში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად მუშაობა. ქართული ხელოვნების ისტორიაში თინათინ ვირსალაძეს ეკუთვნის შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლის საკითხები და ანალიზი. თინათინ ვირსალაძე გარდაიცვალა 1985 წელს. მან მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურა არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ ბიზანტიური და მთლიანად აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელოვნების მკვლევართა შორის.