Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა ხაზარაძე
ისტორიკოსი
date of birth 1931

1952 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1955 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვში, მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. წ. VIII საუკუნეში”, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნანა ხაზარაძემ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1957-1959 წლებში იყო ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი, 1959-1975 წლებში განყოფილების უმცროსი, ხოლო 1976-1990 წლებში უფროსი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში”. 1985 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები)”. ამავე წელს მიიღო სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია. 1990-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს. 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 200ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ნანა ხაზარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენს: სამხრეთ კავკასიის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. მის ნაშრომებში მრავალი სამეცნიერო საკითხი და პრობლემაა გაანალიზებული და გადაჭრილი – უძველესი ქართველური ტომების, მოსხებისა და მესხების ისტორია, “მოსხიკეს” და “მოსხური მთების” ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები. 2010 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გიორგი მელიქიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის პრემიების ლაურეატი.

შრომები

 

  • აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. 1 ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბ.: მეცნიერება, 1978.
  • საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო-პოლიტიკური პრობლემები, თბ.: მეცნიერება, 1984.
  • წმინდა ხის კულტი საქართველოში (მითოლოგიური პარალელები), თბ.: 1993.

ბიბლიოგრაფია