Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ცინცაძე
ქიმიკოსი
date of birth 1900

1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და იქვე განაგრძო მუშაობა პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით. შემდგომში პეტრე მელიქიშვილის ინიციატივით და ხელშეწყობით 1924-1927 წლებში მიავლინეს მოსკოვის კლიმენტ ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგრონომიული ქიმიისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში აკადემიკოს დიმიტრი პრიანიშნიკოვთან. პარალელურად შალვა ცინცაძე მეცნიერულ კვლევას აწარმოებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური და ორგანული ქიმიის ლაბორატორიაში აკადემიკოს ნიკოლოზ ზელინსკის ხელმძღვანელობით. ამ ლაბორატორიებში მუშაობისას ჩამოყალიბდა შალვა ცინცაძის მეცნიერული ინტერესები და კვლევის მიმართულება. 1927-1930 წლებში შ. ცინცაძე მუშაობდა გერმანიაში ბერლინის და ბრესლაუს უნივერსიტეტებში. 1929 წელს ბრესლაუს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ანალიზურ ქიმიაში თემაზე: "ფოსფორისა და დარიშხანის მჟავების კოლორიმეტრიული განსაზღვრის მეთოდი". 1930-1930 წლებში შალვა ცინცაძე იმყოფებოდა საფრანგეთში და მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად პარიზის სასოფლო-სამეურნეო კვლევათა ნაციონალური ინსტიტუტის (ვერსალი) აგრონომიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორ ა.დემოლონთან. 1932 წელს პარიზის უნივერსიტეტში დაიცვა მეორე სადოქტორო დისერტაცია აგრონომიულ ქიმიაში, თემაზე: "ახალი ნიტრატული ხსნარები წყალბადიონების (pH) უცვლელიკონცენტრაციით’’. 1933-1934 წლებში პროფესორი შალვა ცინცაძე მუშაობდა ინგლისში, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის სტატისტიკურ ლაბორატორიაში და როტამსტედის ექსპერიმენტულ სადგურში (ჰერპენდენ-ჰერსტში).1934-1935 წლებში მეცნიერულ კვლევას ეწეოდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგ სამეცნიერო ცენტრებში: როტჯერსის უნივერსიტეტში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, კალიფორნიის უნივერსიტეტში. 1935 წელს პროფესორი შალვა ცინცაძე დაბრუნდა სამშობლოში. იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანად და ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორად. პარალელურად დაინიშნა პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში ანალიზური ქიმიის განყოფილების გამგედ და აგრეთვე მიიწვიეს ბოტანიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ კონსულტანტად. 1936 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩამოაყალიბა აგროქიმიის კათედრა, რომლის პირველ გამგედ დაინიშნა. 1936 წელს აკადემიკოსების ნ. ზელინსკისა და დ. პრიანიშნიკოვის ინიციატივით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა პროფ. შ. ცინცაძეს მიანიჭა დოქტორის ხარისხი. პროფესორი შალვა ცინცაძე გარდაიცვალა 1937 წელს. მეცნიერის შემოქმედებით მწვერვალს წარმოადგენს ფოსფორისა და დარიშხანის განმსაზღვრავი მოლიბდენის ლურჯი რეაქტივი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში ,,ცინცაძის რეაქტივის’’ სახელწოდებით შევიდა.