Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ შარაძენიძე
ფილოლოგი
date of birth 1919

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წლიდან კითხულობდა ლექციებს ენათმეცნიერების შესავალსა და ზოგად ენათმეცნიერებაში. 1947-1953 წლებში ასწავლიდა სვანურ ენას, ხოლო 1942-1946 წლებში კითხულობდა ქართული ენის კურსს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1957 წლიდან იყო ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. თინათინ შარაძენიძე იყო თანამედროვე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი და ლექსიკონის მეექვსე ტომის თანარედაქტორი. მას ლექსიკონზე მომუშავე სხვა სპეციალისტებთან ერთად 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. აქტიურად მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების თეორიისა და იბერიულ-კავკასიური ენების შესწავლის სფეროში. იგი იყო თეორიული ენათმეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი. ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის რვა წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე. მისი ფუნდამენტური მონოგრაფიები - ,,ენათა კლასიფიკაციის პრინციპები’’, ,,თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები’’, ,,ენათა ტიპოლოგია სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში’’ და სხვა - მნიშვნელოვანი შენაძენია თანამედროვე თეორიული ენათმეცნიერებისა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ თინათინ შარაშენიძე ზოგადენათმეცნიერული საკითხების კვლევისას ფართოდ იყენებდა და ეყრდნობოდა ქართული და ქართველური ენების მონაცემებს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მისი გამოკვლევები სვანური ენის შესახებ. იგი იყო ამ ენის თვალსაჩინო მკვლევარი და სპეციალისტი. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა და თბილისში ჩატარდა ენათმეცნიერების თეორიული საბჭოს ხაზით ორი საკავშირო სესია - ,,ენა და მეტყველება’’ (1971) და ,,მნიშვნელობის პრობლემა ენათმეცნიერებაში’’ (1977). მიწვეული იყო და მონაწილეობას იღებდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მრვალტომიან კოლექტიურ ნაშრომში ,,მსოფლიოს ენები’’. ფართო და მრავალმხრივი იყო მისი მეცნიერულ-ორგანიზატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. იგი იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ზოგადი ენათმეცნიერების სამეცნიერო სექციის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოების წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ზოგადი ენათმეცნიერების მნიშვნელოვანი თეორიული საკითხების კვლევას მიეძღვნა ,,ზოგადი ენათმეცნიერების საკითხების’’ ექვსი კრებული, რომელთა მუდმივი რედაქტორი თ. შარაძენიძე იყო. მისი ხელმძღვანელობით და კონსულტაციებით დამუშავდა არაერთი სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაცია - მათ შორის რამდენიმე ნაშრომი მათემატიკურ ენათმეცნიერებაში, რომლის დამკვიდრების ერთ-ერთი ინიციატორი თ. შარაძენიძე იყო. დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის’’ ორდენითა და მედლებით. გარდაიცვალა 1983 წელს.