Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ თოფურია
ენათმეცნიერი
date of birth 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიურ ენათა მიმართულებით. 1950-1957 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა. 1957 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში’’. 1960-1966 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ხოლო 1966 წლიდან - კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973-1987 წლებში გურამ თოფურია მუშაობდა სამეცნიერო დარგში ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. 1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1998-2006 წლებში იყო მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე. გურამ თოფურია ავტორია 150-მდე მაღალკვალიფიციური ნაშრომისა. რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე უცხოეთის გამოცემებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფიები: ,,ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები’’ (1959) და ,,ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში’’, რომლისთვისაც მის ავტორს 1996 წელს არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია მიენიჭა. მისი არაერთი საყურადღებო ნაშრომი მიეძღვნა ქართველურ ენათა საკითხებს. გურამ თოფურია აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილობრვი მასშტაბის თუ რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო სესიების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესებისა და კოლოქვიუმების მუშაობაში. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში ეწეოდა ფართო სამეცნიერო-ორგანიზაციულ მუშაობას, როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, სწავლული მდივანი, განყოფილების გამგე, ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი, სწავლული მდივანი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მრავალი სამეცნიერო კრებულისა და პერიოდული გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამეცნიერო სესიათა საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. დიდია მისი ღვაწლი საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. მეცნიერმა გ. კაჭარავასთან ერთად შეადგინა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა შესახებ საენათმეცნიერო ნაშრომების ბიბლიოგრაფია, ამ ნაშრომის გაგრძელებაა კავკასიოლოგიური საენათმეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია. გურამ თოფურია გარდაიცვალა 2006 წელს.