Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან ჭილაშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1930

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1956 წელს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქალაქი რუსთავი’’ (ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევი). 1967 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ქალაქები ფეოდალურ საქართველოში’’. 1957-1960 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი, 1960-1970 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1960 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის წევრი, ხოლო 1968 წლიდან აირჩიეს პროფესორად. 1970-1973 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1982 წელს ლევან ჭილაშვილს, სამეცნიერო აზრის განვითარების წინაშე დიდი დამსახურების გამო, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა. 1990-1991 წლებში იყო ღირსების ორდენის კავალერი და საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი - მისი ხელმოწერა დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე. 1997 წელს მიენიჭა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია. 1988 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2002 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის მფლობელი და ამავე წელსვე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. 1980 წლიდან 2004 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. ლევან ჭილაშვილი ავტორია 60-ზე მეტი ნაშრომისა და 11 წიგნის. ასევე საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული კულტურის ისტორიის ამსახველი რამდენიმე გამოფენის მონაწილე და თანაავტორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად წარმატებით გადაწყდა შუა საუკუნეების ქართული ქალაქების გენეზისისა და პერიოდიზაციის უმნიშვნელოვანესი საკითხები. მოგვიანებით, მისი სამეცნიერო კვლევის არეალში მოექცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ძეგლებისა და წერილობითი წყაროების ერთობლივ ანალიზზე დამყარებული წარმართული რელიგიის, მონასტიციზმისა და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხების შესწავლა. აღნიშნულ პრობლემათა კვლევას მკვლევარმა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის მონოგრაფიები: ,,ქალაქი რუსთავი", ნაქალაქარი ურბნისი", "ქალაქები ფეოდალურ საქართველოში", ,,ძველი გავაზი", ,,კახეთის ქალაქები (XIV-XVIIIსს.)", ,,ნეკრესის წარმართული სამლოცველოები", ,,ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ,,ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები." 1995-2003 წლებში ნეკრესში ლევან ჭილაშვილის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, მისი ვარაუდით, წინარექრისტიანული, I-III საუკუნეების ქართული წარწერები.

შრომები

 

  • კახეთის ქალაქები (XIV-XVII) სს), თბ.: მეცნიერება, 1980.
  • მსოფლიოს დიდი სამუზეუმო ცენტრები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1984.
  • მუზეუმმცოდნეობა და სამუზეუმო საქმის საფუძვლები, თბ.: 1984.
  • ნაქალაქარი ურბნისი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1964.
  • ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბ.: 2004.
  • ქალაქები ფეოდალურ საქართველოში. ტ. 1., თბ.: მეცნიერება, 1968.
  • ქალაქი რუსთავი, ისტორიულ არქეოლოგიური ნარკვევი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1958.
  • ძველი გავაზი: ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევები, თბ.: 1975.

ბიბლიოგრაფია