Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ციციშვილი
ქიმიკოსი
date of birth 1915

გიორგი ციციშვილი დაიბადა 1915 წლის 24 ოქტომბერს. 1935 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის კოსმიური სხივების ლაბორატორიაში. 1937 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ქიმიის ფაკულტეტზე. 1938 წლის დასაწყისში მივლინებული იყო მოსკოვში, ლ. კარპოვის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ფიზიკურ-ქიმიურ ინსტიტუტში, სადაც პროფესორ ალექსანდრე ჟუხოვიცკის ხელმძღვანელობით 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. საქართველოში დაბრუნებისთანავე, 1940 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, სადაც 1949 წელს გახდა პროფესორი. გიორგი ციციშვილი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას წაკითხული აქვს ლექციების კურსი: ქიმიური თერმოდინამიკა, მოლეკულების აღნაგობა, ფიზიკური ქიმია, აირსაწინააღმდეგო საქმე, სორბციული პროცესები, კვანტური ქიმია. 1996 წელს თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობაში გამოვიდა გიორგი ციციშვილის მონოგრაფია ,,კვანტური ქიმია’’. 1941 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტში. მეორე მსოფლიო ომის დროს ასრულებდა სახელმწიფო დავალებებს ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის ასამაღლებლად. ომის დამთავრების შემდეგ გააგრძელა კვლევები თეორიული და ექსპერიმენტული ქიმიის დარგში და 1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ამავე 1947 წელს, დისერტაციის დაცვამდე გიორგი ციციშვილი დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ინსტიტუტის დირექტორად და არჩეულ იქნა ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიის გამგედ. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა შრომატევადი სამუშაო ინსტიტუტის სტრუქტურის და ძირითადი სამეცნიერო მიმართულებების დასახვეწად, კვლევითი ბაზის შესაქმნელად. გიორგი ციციშვილის ძალისხმევით 1950 წელს მთავრობის დადგენილებით ინსტიტუტს აღუდგა პეტრე მელიქიშვილის სახელი. გიორგი ციციშვილის ხელმძღვანელობით ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიის ძირითადი სამეცნიერო მიმართულება გახდა სორბციული პროცესების კვლევა. ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი მიხეილ დუბინინი 1976 წელს წერდა - ,,გიორგი ვლადიმერის ძე ციციშვილმა შექმნა საქართველოს ადსორბციული სკოლა’’. გიორგი ციციშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა მაღალკვალიფიციური კადრები და შეიქმნა ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური კვლევების ჩასატარებლად, გამოკვლეულია სორბციული პროცესების სტატიკა, კინეტიკა და ენერგეტიკა. გამოკვლევის ობიექტებს წარმოადგენდა ჯერ საქართველოს მონტმორილონიტური თიხები, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისიდან - სინთეზური და ბუნებრივი ცეოლითები, ცეოლითმაგვარი და სხვა მასალები. მეცნიერის ხელმძღვანელობით ჩატარებულია სამუშაოების დიდი ციკლი ცეოლითური მოლეკულური საცრების - ადსორბენტების, იონმიმომცვლელებისა და კატალიზატორების მისაღებად, დიდი ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა კათიონური ფორმის მიღებას და იონმიმოცვლითი პროცესების კვლევას. ენციკლოპედიაში ,,მსოფლიოს გამოჩენილი ქიმიკოსები’’ (მოსკოვი, 1991) აღნიშნულია გიორგი ციციშვილის ფუნდამენტური შრომების ჩამონათვალი ნივთიერების აღნაგობის შესწავლის დარგში. გიორგი ციციშვილმა დიდი ინტერესი გამოავლინა საქართველოს ბუნებრივი ცეოლითების შესწავლისადმი და გახდა ამ ძვირფასი ნედლეულის შესწავლის, წარმოების ორგანიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. 1950 წლის 28 დეკემბერს გიორგი ციციშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა განყოფილების წევრ-კორესპონდენტად სპეციალობით ,,ფიზიკური ქიმია’’. მეცნიერი აქტიურად შეუდგა სამეცნიერო-ორგანიზაციულ მუშაობას. 1959 წელს იგი აირჩიეს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ და ბიუროს წევრად, ხოლო 1960 წელს საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აკადემიის განვითარების საქმეში. 1963 წლის ოქტომბერში კი ბატონი გიორგი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად და ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად. განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა როგორც საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის განყოფილებასთან, ისე ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის, რუმინეთის, პოლონეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებთან, კუბისა და ვიეტნამის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, რაზეც მეტყველებს საქართველოში ჩატარებული მრავალი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია და სიმპოზიუმი. აკადემიკოს გიორგი ციციშვილის აქტიური პოზიციის შედეგად ქართველ ქიმიკოსებს საშუალება ჰქონდათ ეწარმოებინათ გამოკვლევები მოწინავე სამეცნიერო ცენტრებში. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში გიორგი ციციშვილი სათავეში ედგა საქართველოში ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განვითარებას. 1989 წლიდან ბატონი გიორგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის, ამჟამად - აკადემიური საბჭოს მრჩეველი და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მეცნიერი აქტიურად თანამშრომლობდა ადსორბაციის დარგში მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და ავტორიტეტულ სპეციალისტებთან. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ადსორბციული მოვლენების კვლევების იმ საერთაშორისო კომპლექსური პროგრამის შექმნასა და განხორციელებაში, რომლის ფარგლებში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის და ე.წ. ,,სოციალისტური ბანაკის’’ მკვლევარები. მისი ინიციატივით 1953 წლიდან ტარდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიების ქიმიის ინსტიტუტების გაერთიანებული სამეცნიერო სესიები. 1975 წლიდან მისი ინიციატივით გამოდის ჟურნალი ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ქიმიის სერია’’, 1977 წელს არჩეული იყო ცეოლითების საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს წევრად, 1992 წელს მან ჩამოაყალიბდა ცეოლითების საქართველოს ასოციაცია, რომელიც მისი თაოსნობით 1998 წელს გახდა ევროპის ცეოლითების ასოციაციათა გაერთიანების (FEZA) წევრი. 1992 წლიდან იყო რედაქტორი ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონისა, რომელიც დაიბეჭდა 2004 წელს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სამეცნიერო ფორუმების ორგანიზებასა და მუშაობაში. მათ შორის აღსანიშნავია UPAC-ის კონგრესი (მოსკოვი, 1965), საერთაშორისო კონფერენციები: ბრისტოლი, 1969; ვუსტეტი, აშშ, 1970; ციურიხი, 1973; ფლორენცია, 1971, 1971; ტუსონი, აშშ, 1976; ბერლინი, 1978; ბუდაპეშტი, 1985; ტოკიო, 1986 და მრავალი სხვა. გიორგი ციციშვილის და მისი თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომები დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის (1965) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (1987) სახელობის პრემიებით. გიორგი ციციშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი მედლით და ორდენით, მათ შორის საბჭოთა კავშირის ,,შრომის წითელი დროშის’’ (1966) და საქართველოს ,,ღირსების’’ (1995) ორდენებით. გამოჩენილი და ღვაწლმოსილი მეცნიერის უკვდავსაყოფად, რომელმაც განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საქართველოში ქიმიური მეცნიერების წინსვლას, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ დაარსდა აკადემიკოს გიორგი ციციშვილის სახელობის პრემია ქიმიის დარგში.