Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ კარტოზია
ფილოლოგი
date of birth 1934

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ხოლო მომდევნო წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სწავლულ მდივნად. 1959-1962 წლებში გურამ კარტოზია სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში, სპეციალობით ქართველური ენები. 1963 წელს გურამ კარტოზიამ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტის დამდგენ კომისიაში მეცნიერ-თანამშრომლად. 1966 წელს იგი დაინიშნა ამ კომისიის სწავლულ მდივნად. 1994 წელს გურამ კარტოზიამ შეთავსებით დაიწყო მუშაობა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, სადაც 1999 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველურ ენათა სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. გურამ კარტოზია მრავალი წლის განმავლობაში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტისა და სულხან-საბა ორბელიანის თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოების წევრი, ჟურნალ ,,ენათმეცნიერების საკითხების’’ სარედაქციო კოლეგიისა და ,,ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის’’ სარედაქციო საბჭოს წევრი. გურამ კარტოზიას ათობით სამეცნიერო სტატია აქვს გამოქვეყნებული უცხო ენაზე ევროპის სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. მონოგრაფია ,,ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში’’ (2005) გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა და გამოიცა გერმანიაში. ნაშრომმა სამართლიანად მოიპოვა ფართო საერთაშორისო რეზონანსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია გურამ კარტოზიას მიერ გაწეული შრომა თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულების, ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი’’-ს ტექსტის დასადგენად და გამოსაცემად მოსამზადებლად. მისი ეს ღვაწლი აღინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიით, რომელიც მეცნიერს გარდაცვალებამდე ორიოდე თვით ადრე მიენიჭა. აღსანიშნავია მისი შემაჯამებელი ხასიათის ნაშრომები: ,,ტექსტოლოგიური გამოკვლევები’’ (2004), ,,ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში’’ (2005), ,,მეგრულის ლინგვისტური ანალიზი’’ (2010), რომელზეც სიცოცხლის ბოლო წლებში მოწაფეებთან ერთად იმუშავა. პროფესორი გურამ კარტოზია ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდა. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესი შეეხებოდა ქართველურ ენათა ფონეტიკა-ფონოლოგიის, გრამატიკისა და ლექსიკოლოგიის საკითხებს, რუსთველოლოგია-ტექსტოლოგიას, ფოლკლორისტიკას, საბიბლიოთეკო დარგის ტერმინოლოგიას. მისი ბიბლიოგრაფია 100-ზე მეტ პუბლიკაციას, წიგნს, გამოსაცემად მომზადებულ ტექსტსა და სამეცნიერო სტატიას მოიცავს.

შრომები 

  • „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის საკითხები. თბ. „მეცნიერება“, 1975. (საქ. სსრ მეცნ. აკად. „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია).
  • ლაზური ტექსტები. თბ. „მეცნიერება“ 1972.  (საქ. სსრ მეცნ. აკად. „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია).
  • კარტოზია გურამ და გიორგიძე გ. საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი, თბ, 1962.

ბიბლიოგრაფია