Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ ლორთქიფანიძე
ისტორიკოსი
date of birth 1922

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947-1986 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,თბილისის საამირო’’, 1963 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება’’. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე წიგნი (მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვ). რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები. 1996 წელს მისი თაოსნობით თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია. მარიამ ლორთქიფანიძე არის მეცნერების დამსახურებული მოღვაწე, ღვაწლმოსილი პედაგოგი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი. მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ისტორიისა და მეცნიერების განვითარებაში. აკადემიკოსი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების პროცესს. მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიკოსთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიული აზროვნების განვითარებაში. უკვე მრავალი ათეული წელია ის ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ ისტორიულ სკოლას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მარიამ ლორთქიფანიძის ფუნდამენტური გამოკვლევები ფართოდაა ცნობილი სპეციალისტებისათვის. დიდია მისი ღვაწლი ქართული საისტორიო წყაროების გამოკვლევასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით "ქართლის ცხოვრების" შესწავლასა და მის უცხო ენაზე გამოცემაში. მარიამ ლორთიფანიძე 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით. 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ მარიამ ლორთქიფანიძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის მედლით დააჯილდოვა.