Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ ყაუხჩიშვილი
ფილოლოგი
date of birth 1919

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944 წლიდან იყო ისტორიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეონის განყოფილების უმცროსი, უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1945 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მასალები ჱ-ს ისტორიისათვის’’ (V-XI სს. ძეგლების მიხედვით). 1953 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ბერძნული წარწერები საქართველოში’’. 1945-1968 წლებში იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი. 1968 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. ქართულ-ბერძნული ენობრივი ურთიერთობებისა და ბერძნული ეპიგრაფიკის პრობლემატიკის კვლევასთან ერთად თინათინ ყაუხჩიშვილი ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს შესახებ ანტიკური წყაროების თარგმნისა და კომენტირების მიმართულებით. მან გამოსცა საქართველოს ისტორიის სპეციალისტთათვის ძალზე მნიშვნელოვანი წიგნები: სტრაბონის გეოგრაფია - ცნობები საქართველოს შესახებ (1957), აპიანეს „მითრიდატეს ომების ისტორია (1959), ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ (1960), ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ (1965), პოლიბიოსის ცნობები საქართველოს შესახებ (1967), ასევე 6 წიგნი - ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ (1967-1987წწ.), რომლებშიც თავმოყრილია დამატებით მრავალი ბერძენი ავტორის ცნობები საქართველოს შესახებ. ეს წიგნები გამოირჩევა ანტიკური წყაროების ინტერპრეტაციის მაღალი დონითა და სამეცნიერო კომენტარებით. 1976 წელს თინათინ ყაუხჩიშვილმა გამოაქვეყნა მონოგრაფია "საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები", რომელშიც შეაჯამა თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგები ბერძენ ავტორთა საქართველოს შესახებ არსებულ ცნობებთან დაკავშირებით. მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა არ შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს შესახებ არსებული ცნობების ქართულ ენაზე გადმოტანით, მან სრულად თარგმნა და ორ ტომად გამოაქვეყნა ჰეროდოტეს „ისტორია“ (1975-76 წწ.). 1971 წლიდან იყო ვილკენმანის საზოგადოების პრეზიდიუმის და 1981 წლიდან სსრკ-საბერძნეთის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. 1982 წლიდან საქართველოს ისტორიული წყაროების კომისიის უცხოური წყაროების კომისიის თავმჯდომარე. მნიშვნელოვანი მეცნიერული დამსახურებებისათვის 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს - იმავე აკადემიის აკადემიკოსად. 1999 წლიდან იყო ღირსების ორდენის კავალერი. 1999-2006 წლებში საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის, იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 2008 წელს მიიღო პროფესორ სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია. მისი ძირითადი შრომები მოიცავს 15 წიგნსა და 80-მდე სამეცნიერო ნაშრომს ქართულ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე. გარდაიცვალა 2011 წელს.