Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ ტატაშიძე
გეოლოგი
date of birth 1928

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მდინარე ყვირილას ხეობის გეომორფოლოგიისათვის’’. 1954-1957 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი. 1957-1960 წლებში ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,საქართველოს კარსტული მღვიმეების მორფოლოგიური ანალიზი’’. 1977 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1975-1990 წლებში იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგია-კარსტოლოგიის განყოფილების გამგე. 1984 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გეომორფოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1992-2006 წლებში იყო ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ზურაბ ტატაშიძე ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15-მდე მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროა: სპელეოლოგია, კარსტოლოგია და გეომორფოლოგია. არაერთი საყურადღებო კვლევა ჩაატარა სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში. გამოიკვლია ამ კარსტული მხარეების გეომორფოლოგიური საკითხები, აღწერა მრავალი მღვიმე, ჭა, უფსკრული. სპეციალური გამოკვლევები მიუძღვნა საქართველოს კარსტულ მღვიმეებში არსებულ სპეციფიურ წარმონაქმნებს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 1980-იან წლების აღმოჩენები, როცა მისი აქტიური მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტული გამოკვლევები და გამოვლინდა მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი „ნაფრა-მჭიშთას“ (2345 მ) კარსტული სისტემა. ეს აღმოჩენა იყო საერთაშორისო მნიშვნელობის. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კარსტული მღვიმეების კვლევისა დ პოპულარიზაციის საქმეში. იგი თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს გამოქვაბულების მიმართ. მოაწყო მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც ხშირად გახსნითი შედეგები მოჰყვა.გარკვეულ წლებში იყო ასევე საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში - Who’s Who (ABI, 1998). 1999 წელს დააჯილდოვეს საქართველოს ღირსების ორდენით. 2008 წელს საქართველოს საპატრიარქოს სიგელით. გარდაიცვალა 2011 წელს.