Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ლორთქიფანიძე
არქეოლოგი
date of birth 1930

ცნობილი ქართველი არქეოლოგი ოთარ ლორთქიფანიძე დაიბადა 1930 წლის 30 ოქტომბერს. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა მცხეთაში ახალი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეებში’’. 1955-1960 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ანტიკური სამყარო და ძველი საქართველო’’. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი. 1985 წელს დააფუძნა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4 000-ზე მეტი ექსპონატი). მისი კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი. იგი იყო სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საზღვარგარეთ მოწყობილი არაერთი არქეოლოგიური გამოფენისა (მოსკოვში, საარბრიუკენში, შტუტგარტში, ბრაუნშვაიგში, ბონში, ბოხუმში, ვისბადენში). გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები და სტატიები მრავალ ენაზე). მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. არქეოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ოთარ ლორთქიფანიძე იყო: სხვადასხვა ქვეყნების (ესპანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, პოლონეთი, ბულგარეთი და სხვ.) აკადემიების, ასოციაციებისა და პერიოდული თუ სერიული გამოცემების სარედაქციო საბჭოს წევრი, კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის (LIMC)-ის სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ინდო-ევროპული და თრაკოლოგიური კვლევის საერთაშორისო კონსულატის წევრი. 1972 წელს იგი აირჩიეს პოლონეთის არქეოლოგიის საზოგადოების, 1978 წელს - კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრად. 1991 წელს გერმანიაში გამოცემულ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნს - "Archჰologie in Georgien" - მიენიჭა ქალაქ მაინცის არქეოლოგიური საზოგადოების მედალი. 1980 წლიდან იგი გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, 1997 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 2001 წლიდან - ესპანეთის სამეფო საისტორიო აკადემიის წევრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრია. იგი იყო ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 2001 წელს დაჯილდოვდა საქართველოს "ღირსების ორდენით". ოთარ ლორთქიფანიძე არჩეული იყო პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების წევრად, კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრად რომში, ასევე გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის (ბერლინი) წევრ-კორესპონდენტად. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის რედაქციებისა და კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი.