Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე წერეთელი
ენათმეცნიერი
date of birth 1921

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა განყოფილება. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში სპეციალობით "სემიტოლოგია (ებრაულ-არამეული ფილოლოგია)”. 1944-1946 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლურ ენათა კათედრის ასისტენტი, 1946-1948 წლებში სემიტოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, 1948-1983 წლებში კათედრის გამგე. 1959-1960 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი. კონსტანტინე წერეთელი 1945-1960 წლებში ასევე იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ხოლო 1960 წლიდან აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების გამგე. 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "ურმიული სინჰარმონიზმი”, ხოლო 1956 წელს _ სადოქტორო დისერტაცია სათაურით: "თანამედროვე ასურული დიალექტების შედარებითი ფონეტიკა.” 1991 წლიდან მისი ინიციატივით თსუ-ში იქმნება ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. 1993 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრად. 1994 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად. მისი ძალისხმევით შემოიღეს აღმოსავლური ენების სწავლება საქართველოს არაერთ საშუალო სკოლაში. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. მეცნიერის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქართულ-აღმოსავლურ ენობრივ და კულტურულ-ისტორიულ ურთიერთობებს. უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მისი კვლევის ძირითადი ობიექტი იყო ებრაულ-არამეული ეპიგრაფიკა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია კონსტანტინე წერეთლის პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს კითხულობდა კურსებს არაბულში, ებრაულში, არამეულში, სემიტურ ენათა შესწავლის შესავალსა და შედარებით გრამატიკაში. 1979 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, 1989 წელს ნაშრომისათვის "არამეული ენის ზოგადი გრამატიკა” - აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის პრემია (კ. წერეთელი ამ პრემიის პირველი ლაურეატია), ხოლო 1998 წელს ნაშრომთა ციკლისათვის "საქართველოს არამეული წარწერები” მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. ცალკეულ სამეცნიერო შრომებში მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი პირველი ხარისხის სამეცნიერო პრემია. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით, ებრაისტიკაში გაწეული ღვაწლისათვის გადაეცა ისრაელის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო _ ალბერტ აინშტაინის მედალი. არჩეული იყო გერმანიის ორიენტალისტთა საზოგადოების (1971), გერმანიის აღმოსავლეთის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების (1971), ხმელთაშუა ზღვის აუზის ცივილიზაციათა შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის (1975) წევრად და ამერიკის ორიენტალისტური საზოგადოების საპატიო წევრად (1978). სისტემატურად იწვევდნენ საზღვარგარეთ ლექციების წასაკითხად. 1993 წელს იტალიაში გამოვიდა მისდამი მიძღვნილი კრებული "სემიტოლოგიური ძიებანი კონსტანტინე წერეთლის პატივსაცემად”. 1981 წელს დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის” ორდენით, ხოლო 1996 წელს "ღირსების ორდენით”. 1998 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. გარდაიცვალა 2004 წელს.