Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სერგი ჯიქია
აღმოსავლეთმცოდნე
date of birth 1898

1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1926 წელს თსუ-ში დატოვეს თურქულ ფილოლოგიაში პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1927-1929 წლებში სტამბოლის უნივერსიტეტის მსმენელი იყო. 1929-1932 წლებში ლენინგრადის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის ასპირანტი. პარალელურად 1930-1936 წლებში ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლენინგრადის აღმოსავლურ ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი. 1936-1945 წლებში თსუ-ის აღმოსავლურ ენათა გამგე და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი. 1945-1953 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი. 1960 წლიდან აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში თურქოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. სერგი ჯიქია ასევე იყო საქართველოს უცხოური წყაროების კომისიის თურქული სერიის რედაქტორი. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თურქოლოგთა საბჭოს კომიტეტის, თსუ-ისა და საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე ინსტიტუტის სამეც. საბჭოს წევრი. მრავალმხრივია სერგი ჯიქიას მოღვაწეობა (თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია). ავტორია 100-ზე მეტი შრომისა თურქულ ფილოლოგიასა და ქართულ ისტორიოგრაფიაში. მათ შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ფუნდამენტური ნაშრომი ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი’’, რომელიც 3 წიგნისგან შედგება: 1. თურქული ტექსტი (1947), 2. ქართული თარგმანი (1941), 3. გამოკვლევა (1958). დიდი მნიშვნელობისაა აგრეთვე ნაშრომი ,,იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოს და კავკასიის შესახებ’’ (1964) და ჯიქიას მიერ ამოკითხულ-გამოქვეყნებული მრავალი ოსმალური დოკუმენტი, ფირმანი, ჰუჯათი, ბარათი და ქართულ-თურქული ისტორიული ურთიერთობის ამსახველი სხვა წყაროები. 1964 წლიდან სათაურით ,,თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი აქვეყნებს ღირსშესანიშნავ ლინგვისტურ გამოკვლევებს: 1. თურქული ლექსიკური კალკები ლაზურში (1964), 2. თურქული სინტაქსური კალკები ლაზურში (1967), 3. თურქული ბგერათგადმოცემისთვის ლაზურში (1974), 4. თურქული ლექსიკური ელემენტებისათვის ლაზურში (1975), რომლებშიც იკვლევს ქართულ-თურქულ ენობრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია მისი დიალექტოლოგიური და ეტიმოლოგიური ხასიათის ნაშრომები. სერგი ჯიქია არის როგორც ლენინგრადში, ისე საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი. დიდი ამაგი დასდო მან აზერბაიჯანული სკოლებითვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენის, ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენის საქმეს. დაჯილდოებულია უამრავი ორდენითა თუ მედლით. გარდაიცვალა 1993 წელს.

შრომები

  • გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი: წიგნი 1, თბ.: 1947.
  • ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, თბ.: 1941.
  • თურქული ქრესტომათია, თბ.: 1971.
  • თურქული ქრესტომათია: სახელმძღვანელო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ნაკვეთი 1, თბ.: განათლება, 1965.
  • თურქული წყაროები 16 საუკუნის პირველი მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თბ.: 1983.
  • კოლექტიური შრომის ერთი ქართული ტერმინისათვის თურქულ ენებში, თბ.: 1946.
  • ,,ლაზუტ’’ სიტყვის წარმოშობისათვის, თბ.: 1944.
  • სოფელ დლიგის ლოკალიზებისათვის ჯავახეთში, თბ.: 1946.
  • ქართული ენის სახელმძღვანელო საქ. სსრ. აზერბაიჯანული სკოლებისათვის, თბ.: 1938.
  • ცნობა დიდი მოურავის უკანაკსნელი დღეების შესახებ ოსმალეთში, თბ.: 1943.

ბიბლიოგრაფია