Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჯაფარიძე
ისტორიკოსი, არქეოლოგი
date of birth 1921

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1944 წლიდან იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1948-1950 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1950-1952 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელი. 1952 წლიდან ოთარ ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს. სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1964 წელს ოთარ ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 1979 წელს ოთარ ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად. ოთარ ჯაფარიძე ძირითადად იკვლევდა ბრინჯაოს ხანის საქართველოს კულტურის ისტორიისა და ქართველურ ტომთა ეთნოლოგიის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს არკნეთისა და ქვასათალის სამაროვნები ფრანის ხეობაში 1953-54 წლებში, ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1959-65 წლებში, ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ნამოსახლარები, შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორები, აგრეთვე ქვემო ქართლის ბრინჯაოს ხანის გორასამარხები 1965-71 წლებში. ასევე მესხეთისა (1971-77) და მარტყოფის (1978-82) გორასამარხები. ოთარ ჯაფარიძე საქართველოს ერთ – ერთი წამყვანი არქეოლოგია, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის - “არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში” - მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ი. ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ათეული წლების განმავლობაში იყო ჟურნალის “ Советская Археология ” რედკოლეგიის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

შომრები

  • არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ. წ. მეორე ათასლეულში, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969.
  • არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში: 1957-1958 წლები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1960.
  • არქეოლოგიური კრებული, თბ.: 2001.
  • ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში, თბ.: ტექნიკა და შრომა, 1955.
  • საქართველოს არქეოლოგია (ქვისა და ბრინჯაოს ხანა), თბ.: თსუ გამომცემლობა, 1991.
  • საქართველოს არქეოლოგიის ძირითადი საკითხები: წერილები, მოგონებები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2012.
  • მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები, თბ.: 1981.
  • საქართველოს ისტორიის სათავეებთან, პირველყოფილი ეპოქა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2003.
  • ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვუს არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1976.
  • ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1961.

ბიბლიოგრაფია