Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურანდა ღვალაძე
ბიოლოგი
date of birth 1932

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1956-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1959 წლიდან დღემდე იგი სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა აღნიშნულ ინსტიტუტში. 1966-1982 წლებში გურანდა ღვალაძე იყო ამავე ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1982-1990 წლებში განყოფილების გამგე, ხოლო 1990-2002 წლებში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ მცენარეთა ემბრიოლოგიის განყოფილებას (ამჟამად მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილება). 2002-2010 წლებში მუშაობდა ინსტიტუტის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის განყოფილებაში მთავარ მეცნიერ- თანამშრომლად. 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1974 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1990 წელს მიეკუთვნა პროფესორის სამეცნიერო წოდება. მისი პირველი ნაშრომი გამოქვეყნდა 1959 წელს. ამჟამად იგი არის 180-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიისა და 2 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი (30–ზე მეტი ნაშრომი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ). გურანდა ღვალაძეს ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. იგი არის საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფიის "ყვავილოვან მცენარეთა ემბრიოლოგია. ტერმინოლოგია და კონცეფციები" პირველი ტომის თანაავტორი. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გურანდა ღვალაძე წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის პროფესორი. მცენარეთა ემბრიოლოგიაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1990 წელს პროფ. ღვალაძე დაჯილდოვდა აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლით. 2006 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) იგი შეიყვანა მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა საპატიო სიაში. გურანდა ღვალაძე არის არაერთი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. იგი იყო აქტიური მონაწილე მცენარეთა ემბრიოლოგიის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა, რომლებიც გაიმართა ინდოეთში, საფრანგეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში. გარდა ამისა, რამდენიმეგზის ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში. მისი სახელი შეტანილია მაქს პლანკის საზოგადოების (გერმანია) გამოჩენილ ბიოლოგთა ნუსხაში და საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის (კემბრიჯი) რამდენიმე პრესტიჟულ საცნობარო–ენციკლოპედიურ გამოცემაში.