Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ ნათაძე
მეცნიერი, ფსიქოლოგი
date of birth 1903

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი რევაზ ნათაძე დაიბადა 1903 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის გრიგოლ ნათაძის ოჯახში. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიურ ფაკულტეტზე. ფსიქოლოგიაში გამოცდის ჩაბარებისას მან დიმიტრი უზნაძის ყურადღება მიიქცია და მისი რჩევით მეორე კურსიდან სწავლა გააგრძელა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეციალობით. 1927 წელს რევაზ ნათაძე ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტი გახდა, ხოლო 1930 წელს დამტკიცებულ იქნა კათედრის დოცენტად. 1939 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ცნების შემუშავების გენეზისისათვის სასკოლო ასაკში”, რომელიც იყო საქართველოში ფსიქოლოგიაში დაცული პირველი სადოქტორო დისერტაცია. 1934-1937 წლებში იყო პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ფსიქოლოგიის სექტორის გამგე, 1941-1962 წლებში გენეტიკური ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1964-1974 წლებში საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი. ამასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი მრავალმხრივი ნაშრომები ითარგმნა და გამოქვეყნდა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, უნგრეთში. რევაზ ნათაძის კვლევა-ძიების ძირითადი მიმართულებებია: ცნების ჩამოყალიბების ფსიქოლოგია და მისი ონტოგენოზი, სივრცის მიმართულებათა აღქმის ძირითადი ფაქტორების პრობლემა, წარმოსახვითი განწყობის შემუშავება, აღქმის კონსტანტობის ფსიქიკური საფუძვლები, სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლების პრობლემა (ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გამოკვლევები, სახელწოდებით "სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური საფუძვლები" და "სივრცის მიმართულებათა აღქმის პრობლემა". ორივე გამოკვლევა ქართველი მსახიობების, შეიძლება ითქვას, "სივრცეში განთავისუფლებას" ისახავს მიზნად) და სხვა. არის ფსიქოლოგიის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი. რევაზ ნათაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განწყობის ფსიქოლოგიის, აღქმის და აზროვნების ფსიქოლოგიის, აგრეთვე, წარმოსახვის განმაწყობელი მოქმედების შესწავლის საქმეში. გარდაიცვალა 1984 წელს.