Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავლიპ ზურაბაშვილი
ფსიქიატრი
date of birth 1902

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1927-1930 წლებში ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო. 1930-1938 წლებში ლენინგრადში პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი და შემდეგ უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1938-1950 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964 წლებში — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1946 წელს გახდა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. ასევე იყო იუნესკოსთან არსებული ტვინის შემსწავლელი ორგანიზაციის (იბრო) წევრი. 1938 წლიდან — საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1938-1957 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 20-ზე მეტი მონოგრაფია, რომელთა ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ და სხვა ენებზე. ავლიპ ზურაბაშვილის გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. მან ახლებურად გააშუქა სინაფსების არქიტექტონიკა და პათოარქიტექტონიკა, მოგვცა მხედველობის ბორცვების ონტოგენეზური კლასიფიკაცია, შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტის ორიგინალური მეთოდი, განავითარა დებულებანი ფსიქონევროლოგიაში პერსონოლოგიური კვლევის მნიშვნელობის შესახებ. ფსიქოლოგიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში იკვლევდა ეთიკის, მორალისა და ჰუმანიზმის პრობლემებს. სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ნახევარში იკვლევდა ადამიანთა და ცხოველთა ცენტრალური ნერვული სისტემის (ქერქი და უახლოესი ქერქქვეშა) ნატიფი სტრუქტურის (ციტოარქიტექტონიკა, ფიბრილოარქიტექტონიკა, სინაფსოარქიტექტონიკა), აგრეთვე ნეიროდინამიკური ფსიქიატრიის პრობლემებს. მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის შესახებ. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიურად შეისწავლა რეაქტიული ბუნების შიზოფრენიის მაგვარი მდგომარეობები. ზურაბაშვილის დებულებამ შიზოფრენიის დროს პრეფიქსოზური სიმყიფის შესახებ და აგრეთვე მისმა შეხედულებამ პარაშიზოფრენიის თავისებურებათა შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა უცხოეთის არაერთ ქვეყანაში (საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში). დიდ ყურადღებას უთმობდა მის მიერვე განვითარებულ პრინციპებს პიროვნული, ე.ი. პერსონოლოგიური, ანუ ეგოფსიქოთერაპიული, მკურნალობის შესახებ. დაჯილდოებულია ლენინის 3 და სხვა მრავალი ორდენითა და მედლით. გარდაიცვალა 1994 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

შრომები

  • ადამიანის თავის ტვინი და ფსიქიკური დაავადებანი. თბ., საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა. 1960
  • მავნე ჩვევიდან მძიმე დაავადებამდე. თბ., 1982
  • პერსონოლოგიის და კლინიკური ფსიქიატრიის პრობლემები. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1974
  • პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში (დეონტოლოგიური - ფსიქოლოგიური ნარკვევი). თბ., 1973
  • პერსონოლოგიური ძიებანი. თბ., “მეცნიერება”, 1979
  • პიროვნების ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის პრობლემები. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1969
  • სამედიცინო დეონტოლოგია ფსიქიატრიაში. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1988
  • საუბარი ახალგაზრდობასთან. თბ., 1976 (საქ. სსრ საზოგადოება “ცოდნა”)
  • ფსიქიატრია: სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის. მეორე გადამუშავებული და შევსებული გამოცემა. თბ., “განათლება”, 1984
  • ფსიქიატრია. ზოგადი და კერძო ნაწილი. სახელმძღვანელო სტუდენტთა და ექიმთათვის. მესამე შესწორებული და შევსებული გამოცემა. თბ., “ცოდნა”. 1958
  • ფსიქიატრია. ზოგადი და კერძო ნაწილი. სახელმძღვანელო სტუდენტთა და ექიმთათვის. მეორე შესწორებული და შევსებული გამოცემა.  თბ., “საქმედგამი”. 1954
  • ფსიქიატრია. ზოგადი და კერძო ნაწილი. სახელმძღვანელო სტუდენტთა და ექიმთათვის. თბ., “საქმედგამი”, 1948
  • ფსიქიატრია (ზოგადი ნაწილი). თბ., “საქმედგამი”. 1939
  • ფსიქოსომატური მედიცინის შესახებ. თბ., “საქმედგამი”. 1951
  • შოთა რუსთაველი და პერსონოლოგია. თბ., “მეცნიერება”, 1966
  • შოთა რუსთაველი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი. პერსონოლოგიური ნარკვევები. თბ., “განათლება”, 1975
  • შრომა და მოვალეობა, სინდისი და სიყვარული. თბ., “ნაკადული”, 1983.

ბიბლიოგრაფია