Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ გამყრელიძე
ენათმეცნიერი
date of birth 1929

თამაზ გამყრელიძე დაიბადა 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამ პერიოდიდან დაინტერესდა სხვადასხვა ტიპის ენების სტრუქტურის, ისტორიის საკითხებით და მალე სპეციალისტთა ყურადღებაც დაიმსახურა, განსაკუთრებით ძველი აღმოსავლური ენების, კერძოდ, ურარტულის, კვლევისას განსახილველი პრობლემებისადმი მიდგომის სიახლითა და ორიგინალობით. ურარტული ენის შესწავლის საქმეში წვლილი შეიტანა მის მიერ სტუდენტობისას შესრულებულმა სამუშაოებმა: "ურარტულ ენაში უღლების სისტემა" და "ურარტული ენის გრამატიკული სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი". უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან აკადემიკოს გიორგი წერეთლის ხელმძღვანელობით გაიარა სემიტოლოგიური სკოლა და დარჩა უნივერსიტეტში, საიდანაც გაიგზავნა ლენინგრადში. მან ერმიტაჟში, პროფესორ ი. დიაკონოვის ხელმძღვანელობით გაიარა სპეციალიზაცია აღმოსავლეთის ძველ ენებში (აქადური, ურარტული, ხეთური), ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კი ფართო ზოგადლინგვისტური და სააღმოსავლეთმცოდნეო მომზადება მიიღო. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,, ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები", ხოლო 1962 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ხეთური ენა და ლარინგალური თეორია". ამ დარგში შესრულებულმა სამუშაოებმა ქართველ მეცნიერს საერთაშორისო ავტორიტეტი მოუპოვა და საბჭოთა კავშირში ხეთოლოგიის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნიეს. თამაზ გამყრელიძე ავტორია მრავალი ნაშრომის ინდოევროპული ენათმეცნიერების, სემიტოლოგიის, წინა აზიის ძველი ენების დარგში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სხვადასხვა სისტემის ენათა ანალიზს, სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენების სტრუქტურისა და ისტორიის გამოკვლევებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით შესრულებულ პირველსავე სამუშაოებში მის მიერ ახლებურად დაისვა ქართველური ენათმეცნიერების მთელი რიგი ტრადიციული საკითხები. ქართველური ენათმეცნიერების განვითარების ახალ ეტაპად არის მიჩნეული მის მიერ გივი მაჭავარიანის თანაავტორობით შემქნილი მონოგრაფია "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში". ის გერმანულ ენაზე საზღვარგარეთაც გამოიცა. ამის გარდა, მეცნიერის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ორტომეულ გამოკვლევას, სახელწოდებით "ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი". 1988 წელს მონოგრაფიის ავტორებს, თამაზ გამყრელიძესა და აკადემიკოს ვიაჩესლავ ივანოვს, ლენინური პრემია მიენიჭათ მეცნიერების დარგში. თამაზ გამყრელიძე არჩეულია ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრად, ბრიტანეთის აკადემიის, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად, ევროპული აკადემიის წევრად და სხვ. აგრეთვე, ამერიკული ლინგვისტური საზოგადოების, ევროპული ლინგვისტური საზოგადოებისა და ინდოევროპული საზოგადოების (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საპატიო წევრად. იგი არის ჰუმბოლტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ბონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. 1990 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. ქართველი მეცნიერი ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ლინგვისტურ კონგრესებსა და ენათმეცნიერთა მნიშვნელოვან ფორუმებში. აკადემიკოსმა სამეცნიერო-საორგანიზაციო მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც ძველაღმოსავლური ენების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში კი წინა აზიის ენათა განყოფილების გამგედ დაინიშნა. 1964 წელს მას პროფესორის წოდება მიენიჭა. 1973-2005 წლებში ხელმძღვანელობდა გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნად, 2005 წლის იანვრიდან კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად. 1981-1991 წლებში თამაზ გამყრელიძე იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურისა და ენის განყოფილებასთან არსებული ფონეტიკისა და ფონოლოგიის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 1988-1998 წლებში - საკავშირო, მოგვიანებით რუსეთის, აკადემიური სამეცნიერო ჟურნალის, სახელწოდებით "ენათმეცნიერების საკითხები" მთავარი რედაქტორი, ასევე, ქალაქ ტალინში ჩატარებული ფონეტიკურ მეცნიერებათა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი. 2000 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2013 წლის 13 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

შრომები

  • აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. თბ., 2014
  • აკადემიკოსი გიორგი წერეთელი (1904-1973). თბ., “ცოდნა”, “მეცნიერება”, 1984

ბიბლიოგრაფია