Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პაატა გუგუშვილი
ეკონომისტი
date of birth 1905

პაატა გუგუშვილი დაიბადა 1905 წლის 15 სექტემბერს სოფელ კოდორში. 1917-1923 წლებში სწავლობდა ფოთისა და ქუთაისის გიმნაზიებში. 1923 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ეკონომისტ-ფინანსისტის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. 1930 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმავე წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, 1938 წელს კი, დისერტაციის დაუცველად, პროფესორების ფილიპე გოგიჩაიშვილის და გიორგი გეხტმანის წარდგინებით, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ). 1940 წელს პაატა გუგუშვილმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რომელსაც გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერებმა ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ბერძენიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა (დისერტაციის ოფიციალური რეცენზენტ-ოპონენტები) დიდი შეფასება მისცეს. 1940-1945 წელბში აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის ისტორიისა და პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე. 1944 წელს მისი ინიციატივით, აქტიური ძალისხმევითა და შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც დაარსებიდან 1976 წლამდე, 32 წლის განმავლობაში, თვითონვე ედგა სათავეში. 1948-1974 წლებში იყო ამავე ინსტიტუტთან არსებული სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. 1961 წელს პაატა გუგუშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1974 წელს - აკადემიკოსად. 30-იანი წლებიდან იყო ქართული ჟურნალ ,,ეკონომისტის’’ რედკოლეგიის წევრი, ხოლო 1958 წლიდან, 15 წლის განმავლობაში, მისი ინიციატივით აღდგენილი ჟურნალ ,,საქართველოს ეკონომისტის’’ მთავარი რედაქტორი. იგი აქტიურ მუშაობას ეწეოდა, როგორც ჟურნალ ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნეს’’ (ეკონომიკისა და სამართლის სერიების) რედკოლეგიის წევრი. პაატა გუგუშვილი 1930-1967 წლებში მრავალმხრივ მეცნიერულ მოღვაწეობასთან შესანიშნავად ათავსებდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 100-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იყო 90-მდე საკვალიფიკაციო ნაშრომის რეცენზენტ-ოპონენტი. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მეცნიერული თვალსაწიერი მეტად ფართოა. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 50-ზე მეტი ცალკე წიგნადაა გამოცემული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფიების შვიდტომეული - ,,საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს.’’, რომელშიც, გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია უმდიდრესი მასალა საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარების შესახებ, ასევე გამოვლენილია ეკონომიკური ურთიერთობების არაერთი, მანამდე მეცნიერებისათვის შეუმჩნეველი მხარე და მოცემულია მათი სიღრმისეული ანალიზი. აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი რომ ფართო დიაპაზონის მეცნიერი იყო, ამაზე მეტყველებს იმ ნაშრომთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც ეხება ისტორიის, ჟურნალისტიკის, დემოგრაფიის და სოციოლოგიის აქტუალურ პრობლემებს. აღსანიშნავია მისი შემდეგი ნაშრომები: ,,ქართული წიგნი 1629-1929 წწ.’’, ,,ქართული ჟურნალისტიკა’’, ,,სოციოლოგიური ეტიუდები’’, ,,საქართველოს მოსახლეობა 160 წლის (1800-1960) მანძილზე’’, ,,საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების საკითხები’’, ,,მოსახლეობა, ოჯახი, შვილიანობა’’, ,,დემოგრაფიის ნარკვევები’’ და სხვ..., რომელთაც, ისე, როგორც მისმა ყველა ნაშრომმა, სპეციალისტთა ფართო გამოხმაურება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1983 წელს აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი დაჯილდოვდა საქართველოს პროფკავშირის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, როგორც პროფკავშირების სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. 1985 წელს კი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. გარდაიცვალა 1987 წლის 27 თებერვალს.