Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ილია ვეკუა
მათემატიკოსი
date of birth 1907

ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია ვეკუა 1925 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ის კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ი. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში". იმავე წელს აირჩიეს დოცენტად. 1939 წელს ი. ვეკუმ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის". 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში - თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია "ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები". ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა. 1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.1959 წელს ი.ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ "Сибирский математический журнал"-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ "Вестник Академии наук СССР"- ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი - 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა. 1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენით და მედლებით 1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა. ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

შრომები:

  • აკადემიკოს ნოკოლოს მუსხელიშვილი (დამადების 70 წლისთავის გამო). მოკლე ბიოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომთა მიმოხილვა. თბ., საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 1961.
  • გარსთა თეორიის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის შესახებ. თბ., 1954. (საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე).
  • △. + … = 0 განტოლების ამოხსნების შესახებ. თბილისი, 1942
  • დიფერენციალური განტლებათა ამოხსნების ერთი ახალი წარმოდგენის შესახებ. თბილისი, 1943 (საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე. ტომი 4. ნომერი 10, 1943)
  • ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების ერთი წარმოდგენის შესახებ. თბილისი, 1950 (საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე. ტომი 11. ნომერი 3, 1950 მათემატიკა)
  • ერთი ინტეგრალური გარდაქმნის შებრუნებისა და მისი ზოგი გამოყენების შესახებ. თბილისი, 1945 (საქ. სსრ. მეცნ. აკად. მოამბე. ტომი 6. ნომერი 3, 1945 მათემატიკა)
  • თბილისის უნივერსიტეტი / რედ - ვეკუა, ი. თბილისი, 1968
  • მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების აპროქსიმაციის შესახებ. თბილისი, 1947
  • მეცნიერება. თბ., “საბჭოთა საქართველო”. 1976
  • მეცნიერებისა და კულტურის დიდი ეროვნული კერა. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1968
  • ტენზორული ანალიზისა და კოვარიანტთა თეორიის საფუძვლები. / თარგმნა ლ. კიკნაძემ. თბ., “მეცნიერება”. 1982
  • ფენის რყევის სასაზღვრო ამოცანა. თბ., 1937
  • აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 70-ე წლისთავზე. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1977

ბიბლიოგრაფია