Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ შარაძე
ფილოლოგი
date of birth 1940

1958 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით. 1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1992-1993 წლებში გურამ შარაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში.1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და ემიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, ამ პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918_1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996_1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1991_92 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, შარაძე იყო საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. გურამ შარაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა 2007 წლის 20 მაისს, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.