Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზექალა შანიძე
ფილოლოგი
date of birth 1926

დაიბადა 1926 წლის 16 იანვარს თბილისში. 1943 წელს, საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის ასპირანტი (1948-1951 წწ.) ძველი ებრაული ენის სპეციალობით. ასპირანტურის ორი წელი გაატარა პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში), სადაც საშუალება ჰქონდა მოესმინა გამოჩენილ აღმოსავლეთმცოდნეთა (ი. კრაჩკოვსკის, ვ. სტრუვეს, ი. ვინნიკოვის)ლექციები და სემინარები. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1952 წელს თემაზე "ფარინგალური ბგერების საკითხისათვის ძველ ებრაულ ენაში". 1952-1954 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ძველ ებრაულ ენაში. 1953 წელს დაიწყო მუშაობა ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ილია აბულაძე. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ ძველი ქართული ენის კათედრაზე. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები", რომელიც წიგნად გამოქვეყნდა 1979 წელს." სხვადხვა ხასიათის სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებზე წაკითხული აქვს მოხსენებები პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, ბერგენში, მოსკოვში, პეტერბურგში, ერევანში, ბათუმში, სოხუმში და თბილისში. გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, სალექციო კურსი ძველ ქართულ ენაში წაკითხული აქვს პეტერბურგში (1996, 1997 და 1998 წწ.) 1990 წლიდან მოყოლებული ლექციებს კითხულობს თსუ ქართველოლოგიურ საზაფხულო სკოლაში უცხოელთათვის. 2011 და 2012 წლებში ასევე წაიკითხა ლექციები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზაფხულო სკოლაში უცხოელთათვის. ახლად აღმოცენილი ქართული ხელნაწერების შესასწავლად სამჯერ (1996, 2002, 2009 წწ.) იმყოფებოდა წმ. ეკატერინეს მონასტერში სინას მთაზე და არის თანაავტორი (ზ. ალექსიძესთან, ლ. ხევსურიანთან და მ. ქავტარიასთან ერთად) სინის ახლადაღმოცენილ ხელნაწერთა სამენოვანი კატალოგისა, რომელიც 2005 წელს დაიბეჭდა ათენში. კატალოგის ინგლისური ნაწილი თარგმნილია მზექალა შანიძის მიერ. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი ქართული მორფოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტუალური კრიტიკის დარგში. ნაწილი მისი ნაშრომებისა დაბეწდილია საზღვარგარეთ (საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში).