Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა

საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოების  მოღვაწეობისადმი  მიძღვნილი  გამოფენა

მარცხნიდან მეორე სერგი ჯიქია.

      საქართველოს  კულტურულ  ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი  როლი  ითამაშა ორმა  მნიშვნელოვანმა დაწესებულებამ,  ქართველთა  შორის  წერა-კითხვის  გამავრცელებელმა   (1879  წელს) და  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოებებმა (1907  წელს).  თუ  პირველი  მათგანი, ქართველი  საზოგადო  მოღვაწეების  უშუალო  მონაწილეობით, უპირისპირდებოდა  მეფის  ცარიზმის  რუსიფიკატორულ  პოლიტიკას  და   თავდაუზოგავი ენერგიით იბრძოდა  წერა-კითხვის  გავრცელებისა  და  ქართული  სკოლების გახსნისათვის  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში,  მეორე  საზოგადოებამ  თავის  თავზე  აიღო  საქართველოს  ისტორიის, მისი  ხალხის  ზნე-ჩვეულებებისა  და  ხელოვნების  ნიმუშთა  შეგროვება-შესწავლის  საქმე.     სწორედ  ამ  ამოცანას  ემსახურებოდა  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოება, რომელიც 1907  წელს   გამოჩენილი  ქართველი  საზოგადო  მოღვაწის,  მეცნიერისა და  ჭეშმარიტი  მამულიშვილის,  ექვთიმე  თაყაიშვილის  უშუალო  თაოსნობით  დაარსდა.  ექვთიმემ თავიდანვე  შემოიკრიბა  მოწინავე  ქართველი  ინტელიგენცია: ილია  ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,  ვაჟა-ფშაველა, იაკობ  გოგებაშვილი, ანასტასია  მაჩაბელი, ივანე  ჯავახიშვილი,  ალექსანდრე  ცაგარელი, იაკობ გოგებაშვილი,  დავით  და  ალექსანდრე  სარაჯიშვილები  და  სხვები. ფაქტობრივად,  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოება   იყო  პირველი  სამეცნიერო  დაწესებულება  საქართველოში, რომელმაც იტვირთა  სახალხო  უნივერსიტეტის  ფუნქცია  და    ნიადაგი მოამზადა პირველი  ეროვნული  უნივერსიტეტის  დასაარსებლად.

      

  

ნაციონალურ ტანსაცმელში.

     გამოფენაზე  პირველად  იქნება წარმოდგენილი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი  საქართველოს  საისტორიო-საეთნოგრაფიო  საზოგადოების  მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური  მასალა და ზემოთმოხსენიებულ  პიროვნებათა მიერ  შეგროვებული რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები.

   

  აღსანიშნავია გიორგი  ჩიტაიას  და ვერა ბარდაველიძის  საინტერესო  ეპისტოლარული  მემკვიდრეობა. განსაკუთრებით  საინტერესოა ჩვენი  მეცნიერების მიმოწერა  მსოფლიო  მიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან, მ. კოსვინთან,  რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან,ნ, კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან,  მ. იშტვანოვიჩთან,  ლ.  კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს    მუზეუმების  წარმომადგენლებთან და სხვებთან.   

  

    გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიცია  დამთვალიერებელს  შეუქმნის  წარმოდგენას  გრანდიოზულ  და, ამავე  დროს,  იმ უმნიშვნელოვანესი საქმიანობის  შესახებ,  რომელიც  გასწიეს  ერის  მესვეურებმა  ქვეყნის  ისტორიის  გადასარჩენად.  ექვთიმე  თაყაიშვილის, თედო  სახოკიას, სერგი  გორგაძის, იროდიონ  სონღულაშვილის, დავით  კარიჭაშვილის, მოსე  ჯანაშვილის, ვუკოლ  ბერიძის,  ივანე  ჯავახიშვილის, გიორგი  ჩიტაიას, ვერა ბარდაველიძის,  სერგი  მაკალათიას, ალექსი  ოჩიაურის, კალისტრატე ცინცაძის, კათალიკოს-პატრიარქების ლეონიდესი  და  კირიონ II-ის  საქმიანი მიმოწერა, საზოგადოების მიერ  შესრულებული სამუშაოები  და მათ  მიერ მოწყობილი ექსპედიციების  ანგარიშები,  უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ასობით ბარათი კიდევ  ერთხელ შეახსენებენ  საზოგადოებას მათ ღვაწლსა და  დამსახურებას.

   არანაკლებ  საინტერესოა ფოტოსურათები ცნობილი ეთნოგრაფებისა, ეროვნულ  სამოსში  გამოწყობილი ქართველი  თავადაზნაურების,  ტაო-კლარჯეთის ხედების, ტაოს მაცხოვრებელთა ანთროპოლოგიური  ტიპების  უძველესი ფოტოები.

      ეს საარქივო ჩანაწერები  და  ფოტომასალა დაცულია თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების  ფონდში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში,  გიორგი  ლეონიძის  სახელობის  ლიტერატურის მუზეუმსა და   საქართველოს  ეროვნულ  არქივში.

თარიღი: 12/04/2019