Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ნამუშევრების გამოფენა - „კავკასიის ხალხთა ჩაცმულობა“

2019 წლის 30 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ღონისძიებათა ფარგლებში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით - „კავკასიის ხალხთა ჩაცმულობა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო, ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ნამუშევრები, სადაც კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა (მამაკაცისა და ქალის) ეროვნული სამოსის მინიატურული კოლექცია იყო წარმოდგენილი. ავტორის მიერ შექმნილი სამოსელის მინიატურული კოლექცია მრავალწლიანი კვლევების შედეგად შეგროვებულ ვიზუალურ და ეთნოლოგიურ მასალას ეყრდნობა. სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ინგუში, ჩერქეზი, ადიღელი, ყაბარდოელი, აფხაზი, ოსი და სხვათა მინიატურული სამოსი მათი ეთნიკური იდენტობის მიხედვით არის შექმნილი. თითოეულ კოსტუმზე მუშაობისას გამოფენის ავტორი, ძირითადად, ფონდებიდან, არქივებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, საოჯახო ისტორიული ალბომებიდან, სამუზეუმო საცავებიდან, შუა საუკუნეების მინიატურებიდან, გასული საუკუნეების მოგზაურთა ჩანახატებიდან და ლითოგრაფიებიდან მოძიებული მასალით ხელმძღვანელობს. კავკასიური სამოსელის კომპლექსების კვლევა, კულტუროგენეზის ტერიტორიული ასპექტის გათვალისწინებით, საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მოსაზღვრე ეთნოსების კულტურული ზეგავლენის ვექტორები და მათი ცვლილებების მიზეზები. ერთიანობაში წარმოდგენილი კოლექცია კარგად ასახავს იმ მრავალფეროვნებას, თავისებურებებს, მსგავსებასა და განსხვავებას, რომლითაც ასე სავსე და მდიდარია კავკასია. უნდა აღინიშნოს, რომ ეთნოგრაფ ასმათ საღირიძის ორიგინალურმა ნამუშევრებმა - ხელთნაკეთმა თოჯინებმა  დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებელში, მათ საშუალება მიეცა გაცნობოდნენ კავკასიის ხალხთა მრავალფეროვან ჩაცმულობას, ეროვნული სამოსის თავისებურებებს, რომელიც გარკვეულ დეტალებში მკაფიოდ იკითხება. მაგალითად მამაკაცის ჩაცმულობა, ზოგიერთი შემთხვევის გარდა, ძირითადად, ჩოხა-ახალუხითაა წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება კავკასიის ყველა ეთნოსში. გაცილებით მრავალფეროვანია ქალის ჩაცმულობა, როგორც ეთნოსებისათვის დამახასიათებელ ფერთა შეხამებაში, ასევე, თავსაბურავების, სახელოთა სტილის თუ გულისპირთა მორთულობის თავისებურებაში. მიუხედავად ასეთი ნაირსახეობისა, დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა საერთო კულტურული არეალისათვის დამახასიათებელი ურთიერთგავლენის კვალს, რითაც მდიდარი და მრავალფეროვანია კავკასიის ხალხთა ეროვნული სამოსი.

30/09/2019

თარიღი: 24/09/2019