Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა „კორნელი კეკელიძე - 140“

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - კორნელი კეკელიძე (1879-1962) ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი, აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც შეისწავლა, გამოიკვლია და გამოაქვეყნა ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრიცხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის ნაშრომები. 2019 წელს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერესიტეტის მუზეუმში მოეწყო გამოფენა, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ არქივში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თსუ მუზეუმში და კორნელი კეკელიძის მემკვიდრეთა პირად ფონდში დაცული ფოტოდოკუმენტური და მემორიალური ნივთების გარდა, წარმოდგენილი იყო საზოგადოების ფართო წრისათვის ნაკლებად ცნობილი დოკუმენტები, რომლებიც კიევის სასულიერო აკადემიაში მის სწავლასა და მოღვაწეობას ეხება. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერებისა და სასულიერო პირების შეფასებებს კორნელი კეკელიძის სამეცნერო ნაშრომების შესახებ. აქვე იყო წარმოდგენილი მისი სადისერტაციო ნაშრომი:  „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნთსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“ კორნელი კეკელიძეს ამ ნაშრომში 1908 წელს, მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. კიევის სასულიერო აკადემიის მუზეუმში და სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტური მასალა გამოფენაზე მოსულმა დამთვალიერებელმა პირველად იხილა.

14/05/2019

თარიღი: 14/05/2019