საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის №17665/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 21 ივლისის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №100/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა
1. დამატებითი პროგრამა არის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის 30-60 კრედიტის სასწავლო დატვირთვის მქონე არჩევითი პროგრამა, რომელიც იქმნება კანონმდებლობის საფუძველზე და ხორციელდება პირველი საფეხურის ძირითადი პროგრამის სწავლის სფეროსგან განსხვავებულ სწავლის სფეროში.
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულებაში უკვე ხორციელდება უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე.
3. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის, დამატებითი პროგრამის შექმნა შესაძლებელია უმაღლესი განათლების ნებისმიერი საფეხურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე.
4. დამატებითი პროგრამის შინაარსი უნდა ეფუძნებოდეს ძირითადი პროგრამის შინაარსობრივ საფუძვლებს, ხოლო მისი კომპონენტების სწავლის შედეგები უნდა შეესაბამებოდეს ბაკალავრიატის საფეხურის დონეს.
5. დამატებითი პროგრამა უნდა მოიცავდეს როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით სასწავლო კურსებს/საგნებს/მოდულებს.
6. დამატებითი პროგრამა მტკიცდება უნივერსიტეტში დადგენილი წესით.
7. დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ფასდება ძირითად საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად და ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამის შიდა შეფასებისთვის ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესების დაცვით.
8. დამატებითი პროგრამის შექმნის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ასახავს სააკრედიტაციო განაცხადში ან სამ წელიწადში ერთხელ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენ თვითშეფასებაში.“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე