Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრებს ერთობლივი პროფესიული პროგრამა ექნებათ

უახლოეს მომავალში თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და  ესტონეთის იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრი  საერთო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ერთობლივ პროფესიულ პროგრამას შეიმუშავებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლების ესტონეთში სამუშაო ვიზიტისას მიაღწიეს. 


თსუ პროფესიული განათლების ცენტრის დელეგაცია იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრს ნარვას რეგიონის სამ სხვადასხვა ქალაქში - ნარვაში, იხვში და სილამაეში ეწვია.


ვიზიტის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები  პარტნიორ პროფესიული განათლების ცენტრებს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

 
იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრების განმავლობაში განიხილეს ესტონეთში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმა, პროფესიული მასწავლებლების ანაზღაურების, სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის, დამსაქმებლებთან ურთიერთობის, მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების შექმნის დ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიანი პროგრამების შექმნის მხრივ ესტონელ პარტნიორებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის მსგავსი კურსების განსახორციელებლად ევროკავშირის სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისა და დაფინანსების მოპოვების კუთხით. შეხვედრის შედეგად ქართველმა და ესტონელმა პარტნიორებმა მიაღწიეს შეთანხმებაა უახლოეს მომავალში საერთო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მსგავსი პროგრამის შემუშავების თაობაზე.  


იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრის კარიერის დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუდენტთა ფსიქოლოგიური და კარიერული დახმარების სერვისებზე მსჯელობას დაეთმო. ესტონური მხარის გამოცდილება საინტერესოა, თუნდაც  სტუდენტების მხარდამჭერი ღონისძიებების კუთხით. აღსანიშნავია, რომ იდა ვირუმას პროფესიული განათლების ცენტრი წახალისების მიზნით სტუდენტებს შესაბამისი აკადემიური მიღწევების არსებობის შემთხვევაში სტიპენდიებს სთავაზობს. 


ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა ესტონელი პარტნიორის ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, სადაც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ თუ როგორ ხორციელდება სახელობო პროფესიებზე სწავლება თავად პროფესიული განათლების ცენტრის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაში, რა ეტაპებს გადიან სტუდენტები სწავლების კურსების მიხედვით და რა საბოლოო შედეგებს ითვალისწინებს შესაბამისი პროგრამები. 


ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებას ბუღალტრული აღრიცხვისა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის პროგრამების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს  თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე, იმ რეგულაციებსა და პროგრამებზე, რომლებსაც იყენებენ სწავლების დროს. ასევე იმსჯელეს შეფასების ინსტრუმენტების შექმნის პრინციპებზე, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებზე, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების პრინციპების და მექანიზმების შესახებ.


სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მხარები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში დაიწყონ თანამშრომლობა ადმინისტრაციული და განმახორციელებელი პერსონალის, ასევე პროფესიული სტუდენტების მობილობის მიმართულებით. სამომავლოდ, შესაძლებელია თანამშრომლობა პროფესიული განათლების მიმართულებით ერაზმუს+_ის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტების ფარგლებში დაიგეგმოს.
 

თარიღი: 30/05/2023