Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ მეცნიერების წვლილი შავი ზღვის კვლევაში

ევროპული ზღვების, ოკეანეების და სანაპირო არეალების პოტენციის ინტენსიურ და გამიზნულ გამოყენებას ეკონომიკური განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ევროკომისიამ 2012 წელს საზოგადოებას შესთავაზა   „ლურჯი ზრდის“ პირველი კონცეპტუალური ფორმულირება (სტრატეგია).

 

„ლურჯი ზრდის“ სტრატეგიის 4 ძირითადი გამოწვევისთვის მუშავდება კვლევითი და ინოვაციური ღონისძიებები, რომელშიც თსუ მეცნიერები არიან ჩართულნი. ესენია: შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება – „შავი ზღვის ცოდნის ხიდი;“ შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება - შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკა; კრიტიკული მხარდაჭერის სისტემებისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურების შექმნა; განათლება და შესაძლებლობების შექმნა  - გაძლიერებული მოქალაქეები და კვალიფიციური სამუშაო ძალა, რაც გულისხმობს ფორმალური და არაფორმალური სწავლების, განათლების, ტრენინგის, ასევე ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას საზღვაო და სანაპირო სექტორში არსებული და ახალი სამუშაო ადგილების მხარდასაჭერად.

 

 თსუ, მრავალი წლის განმავლობაში 30-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ფარგლებში მონაწილეობს საზღვაო განათლების, ცნობიერების ამაღლების, სპეციალისტების მომზადების და საზღვაო გარემოს კვლევის კუთხით. ასევე, გათვალისწინებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაც.

 

თსუ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი კონსორციუმში ხელმძღვანელობს პროექტის ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ სამუშაოებს და წარმოდგენილია ორი ფაკულტეტით,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტების თანამშრომლებით და დოქტორანტებით. თსუ- ს სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს კახაბერ ბილაშვილი  (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო/კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი), სამუშაო ჯგუფში ჩართულები არაიან ასოც.პროფ. ვალერიან მელიქიძე, ასოც.პროფ. ვაჟა ტრაპაიძე, დოქტორანტი სალომე კობაიძე. პროექტის ამოცანებიდან გამომდინარე,  პერიოდულად,  ვიწვევთ გარე ექსპერტებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

 

2019 წელს, ევროკომისიის სამეცნიერო პროგრამა „ჰორაიზონ -2020“-ის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე - Black Sea Connect”. პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკავშირის ეგიდით მოქმედი შავი ზღვის ქვეყნების ექსპერტების ჯგუფის (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების) 2-წლიანი მუშაობა. ჯგუფი თანამშრომლობდა ევროპის წამყვანი საზღვაო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების საზღვაო ექსპერტებთან. პროექტ „Black Sea CONNECT„-ის მთავარი მიზანია შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA) იმპლემენტაციის ეფექტიანი და საიმედო გეგმის შედგენა ძირითადი ჩარჩო მოთხოვნების საფუძველზე.

პროექტის მომზადება და წარდგენა ევროკომისიაში განხორციელდა  საერთაშორისო  კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს 14 კვლევით ინსტიტუციას  შავი ზღვის აუზის და ევროპული ქვეყნებიდან.

 

     ამავე ქვეყნების ექსპერტებისგან შავ ზღვაში კვლევისა და ინოვაციების მიზნით ჩამოყალიბდა  ლურჯი ზრდის ინიციატივის ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, რომელმაც, ამ დროისთვის, შეიმუშავა და  წარმოადგინა პროექტის მთავარი დოკუმენტი - „სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგი“.

ჩატარებული კვლევის შედეგად შავი ზღვისათვის გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მოიცავს ზოგადად, ლურჯი ზრდის  ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებს: სანაპირო ტურიზმი; ცოცხალი სარეწი ორგანიზმები; არაცოცხალი რესურსები; საზღვაო ტრანსპორტი; გემთმშენებლობა; ნავსადგურების ფუნქციონირება. ასევე, სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს შავი ზღვის სატრანზიტო ფუნქცია-კერძოდ  ენერგეტიკის და წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელირების მიმართულება.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ, ახალგაზრდებზე ორიენტირებულ, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროგრამაში „შავი ზღვის ახალგაზრდა ელჩები - Black Sea Young Ambassadors“ აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის თსუ-დან.

 

შავი ზღვის რეგიონის მზარდი გეოსტრატეგიული მნიშვნელობის და ლურჯი ზრდის ეკონომიკური სტრატეგიის შემდგომი იმპლემენტაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე  ევროპარლამენტის  ინტერრეგიონულმა  ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი  „საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე - Black Sea Connect” ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტისთვის - „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA)“ განხილვისა და მისთვის მსვლელობის მიცემის შესახებ. რაც განხორციელდა 2023 წლის 4 მაისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფიციალურ ინტერჯგუფის (SEArica Intergroup) ფარგლებში, რომელიც კურირებს ევროპულ ზღვებს, მდინარეებს, კუნძულებს და სანაპირო ზონებს, ევროპარლამენტარ მარიან მარინესკუს თავმჯდომარეობით. სხდომის 110-ზე მეტმა მონაწილემ ევროგაერთიანების და შავი ზღვის ქვეყნების  პოლიტიკური, სამეცნიერო და  ინოვაციური ბიზნესის წრეებიდან, ერთობლივად მოიწონა ეს სახელმძღვანელო დოკუმენტი რითაც გზა გაუხსნა მომავალ ერთობლივ ქმედებებს შავი ზღვის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაცვლის, ინოვაციების იმპლემენტაციის მიზნით. დოკუმენტის  ყოვლისმომცველი შინაარსიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან  გამომდინარე განხილვაში მონაწილეობა მიიღეს  ევროკომისიის საზღვაო საქმეთა და თევზრეწვის და  ჯანმრთელი ზღვების და ოკეანეების   გენერალური დირექციების ხელმძღვანელებმა.

 

დოკუმენტი მიზნად ისახავს, შავი ზღვის უნიკალური ჰაბიტატების დასაცავად საფუძვლის შექმნას და ხელს უწყობს საზღვაო სექტორების განვითარებას, რაც სამომავლოდ გააძლიერებს ლურჯ ეკონომიკას და ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. SRIA და მისი იმპლემენტაციის გეგმა აკადემიური წრეების, დამფინანსებელი ორგანიზაციების, სამრეწველო დარგების, პოლიტიკისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების განხორციელებისკენ, როგორიცაა შავი ზღვის ძირეული პრობლემების გადაჭრა, ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემებისა და კვლევის ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა, განათლების ხელშეწყობა და პოტენციალის ზრდა. იმპლემენტაციის გეგმა გახდება ის გრძელვადიანი სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და ინოვაციების გამოვლენას.

 

თარიღი: 19/06/2023