Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მათე მირიანაშვილი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1906

დაიბადა 1906 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1924 ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ფიზიკის კათედრა არ იყო ისე მოწყობილი, რომ შექმნილიყო ფიზიკის განვითარებისათვის საჭირო პირობები: კათედრას არ გააჩნდა ექსპერიმენტალური და არ ჰყავდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. კათედრის ძირითადი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ შექმნილიყო ფიზიკის სასწავლო ლაბორატორიები, დადგენილიყო ფიზიკის ქართული ტერმინები და ფიზიკის სახელმძღვანელოები გამოსულიყო ქართულ ენაზე. ეს პროცესი მირიანაშვილის ჩარიცხვის დროსაც მიმდინარეობდა. მათე მირიანაშვილი ამ პროცესში ჩაერთო 1926 წელს და აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კათედრის ყოველგვარ საქმიანობაში, კერძოდ: ხელს უწყობდა ქართული სახელმძღვანელოს შექმნას (გამოიცა 1930 წელს), თარგმნიდა ფიზიკის ტერმინებს ქართულ ენაზე რაშიც ხელს ფიზიკისა და ენების კარგი ცოდნა უწყობდა.

პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად იგი ეცნობოდა თეორიული ფიზიკის საფუძვლებს. ამ საქმეში მას ხელს უწყობდა მეცნიერი ნიკოლოზ აკინფიევი.

1930 წელს მირიანაშვილმა წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და დანიშნულ იქნა ფიზიკის კათედრის ასისტენტად. 1932 წელს მივლინებულ იქნა ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, რომელიც იმდროისათვის ფიზიკა-ტექნიკის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ხარკოვში ხშირად იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები ფიზიკაში, ამგვარად მირიანაშვილი კონტაქტს ამყარებდა ისეთ ცნობილ ფიზიკოსებთან როგორებიც იყვნენ: ნილს ბორი, ლევ ლანდაუ, პოლ ედრიენ მორის დირაკი და მრავალი სხვა. ასეთ ვითარებაში ყოფნამ გამოიწვია მირიანაშვილის დალაგებული, მრავალმხრივი, სისტემაში მოყვანილი ცოდნა, რომლითაც იგი ყველასაგან გამოირჩეოდა.

1933 წელს მირიანაშვილი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრისა და შეთავსებით ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგედ.

1941 წელს მათე დაინიშნა ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, რომელსაც 1943 წლიდან სათავეშიც ჩაუდგა. იგი ამ თამამდებობაზე 1951 წლამდე მუშაობდა. 1961 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო ამავე აკადემიის წევრი გახდა 1974 წელს.

მათე მირიანაშვილის მეცნიერული გამოკვლევები ეხება კვანტურ თეორიას, ძირითადად კი თეორიული ფიზიკის ისეთ აქტუალურ დარგს, როგორიცაა ველის კვანტური და გრავიტაციული თეორია. თავის ნაშრომში „კვანტური მექანიკის ვარიაციული პრინციპი“ მან განიხილა სასაკითხი ატომის ენერგეტიკული დონის განსაზღვრისა და ახალი სახის ვარიაციული პრინციპის საშუალებით.

მეორე ნაშრომში „S მატრიცა და ვიწრო სტრუქტურის ფორმულა“ მირიანაშვილმა განაზოგადა ჰაიზენბერგის ცნობილი შედეგი ენერგეტიკული დონის განსაზღვრისა S მატრიცის პოლუსების საშუალებით. ამავე შრომაში იგი ავითარებს და განაზოგადებს ვაკუუმური პოლარიზაციის განხილვის შვინგერის მეთოდს. იგი ამ მეთოდს იყენებს ნუკლონებისა და მეზონების ურთიერთქმედების შემთხვევისათვის, ითვლის ვაკუუმის პოლარიზაციას კლასიკური, ვექტორული, ფსევდოკლასიკური და ფსევდოვექტორული ველებისათვის.

მათე მირიანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში ფიზიკის, როგორც მეცნიერების განვითარებასთან, სწორედ მისი მონაწილეობითა და უშუალო ხელმძღვანელობით წარმოებდა ფართო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ფიზიკის სხვადასხვა დარგში.

ბიბლიოგრაფია:

მირიანაშვილი მ., ავალიანი ს., ალბერტ აინშტაინი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1972.

ზოგადი ფიზიკის კურსი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1973.

ზოგადი ფიზიკის კურსი, თბ.: სახუნტი, 1938.

თარიღი: 16/07/2021
კატეგორია: ფიზიკოსი