Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკაკი ვასაძე
მსახიობი
დაბადების თარიღი 1899

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი აკაკი ვასაძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1899 წლის 6 აგვისტოს. 1918-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აგრეთვე ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1969 წლიდან კი რუსთავის ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი. აკაკი ვასაძე იყო დახვეწილი ტექნიკის და გარდასახვის დიდი ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი. რუსთაველის თეატრში შესრულებული მისი როლებიდან აღსანიშნავია: მენგო (ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო’’), ახმა (შანშიაშვილის ,,ანზორი’’), ფრანც მოორი (შილერის ,,ყაჩაღები’’), დარისპანი (დ. კლდიაშვილის ,,შემოდგომის აზნაურები’’), იაგო (შექსპირის ,,ოტელო’’), კიკვიძე (ვ. დარასელის ,,კიკვიძე’’) და სხვა. მსახიობი ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა რეჟისურით. არაერთ სპექტაკლში იყო ს. ახმეტელის თანარეჟისორი. დამოუკიდებელი სპექტაკლებიდან აღსანიშნავია მის მიერ დადგმული შანშიაშვილის ,,არსენა’’ (1936), დადიანის ,,ნაპერწკლიდან’’ (1937, 1950), პოგოდინის ,,თოფიანი კაცი’’ (1947), კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირი’’ (1952). საინტერესოა აკაკი ვასაძე როგორც კინომსახიობი. დასამახსოვრებელია მისი შაჰ-აბასი კინოფილმ ,,გიორგი სააკაძეში’’, ებრაელი მოხუცის როლი ტელეფილმში ,,დათა თუთაშხია’’ და მრავალი სხვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია აკაკი ვასაძის ლიტერატურული შემოქმედება - მისი მოგონებათა ორტომეული, რომელიც 1977-1983 წლებში გამოქვეყნდა. აგრეთვე მოგვიანებით გამოქვეყნებული თავი ამ ორტომეულიდან, რომელიც ოცდაათიანი წლების ცნობილ მოვლენებს ასახავს. 1975 წელს აკაკი ვასაძეს რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი სახეებისათვის: გიორგი სიხარულიძე (თ. ჭილაძის ,,სურათები საოჯახო ალბომიდან’’) ლირი (შექსპირის ,,მეფე ლირი’’) შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შრომები:

  • გამხელა [ლექსები]. თბ., “მერანი”, 1985
  • ლექსი და შემოქმედება. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1975
  • მოგონებები, ფიქრები: დამხმარე სახელმძღვანელო, წიგნი 1. / რედ - ვასილ კიკნაძე; შემდგენელ-რედაქტორი - მაკა (მარინე) ვასაძე. თბილისი: “კენტავრი”. 2010
  • მოგონებები, ფიქრები. თბ., საქართველოს თეატრალური საზოგადოება, 1977
  • მოთხრობები. თბ., “მერანი”, 1974
  • მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის საკითხები. თბ,. “საბჭოთა საქართველო”. 1979
  • პოეზიის პრინციპები. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1987
  • ტიციან ტაბიძე. ტიციან ტაბიძის შემოქმედებითი პიროვნების ოთხი სახება. თბ., “მერანი”, 1985
  • უჩვეულო დღეები [მოთხრობები]. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1971
  • ქართველები ოკეანეში. თბ., “ნაკადული”, 1968
  • ჩემი სამსახობო გზა [მსახიობის მუშაობა მხატვრულ სახეზე]. თბ., საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1988

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: მსახიობი