თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სკოლის მოსწავლეებისთვის თამარის ეპოქაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
ღონისძიება თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით 133-ე საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
თსუ რექტორმა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მის მიერ გატარებულ რეფორმებზე, გადახდილი ომებსა და სამხედრო სტრატეგიებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა თამარ მეფის რელიგიურ შემწყნარებლობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე; მისი მმართველობის გავლენაზე მსოფლიო პოლიტიკაზე. ასევე ისაუბრა თამარის გარდაცვალებასთან და საფლავის საიდუმლოებასთან დაკავშირებით.
საჯარო ლექციის დასასრულს, ჯაბა სამუშიამ სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ასევე გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, ინფორმაცია მიაწოდა სასწავლო პროგრამებზე, სტუდენტურ ცხოვრებასა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე.