Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის გზებზე იმსჯელეს.

 

კონფერენციაში „საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე SDSU-ის პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე; უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებზე; ინტერნაციონალიზაციის პროცესში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების პოლიტიკა აშშ-ის მაგალითზე.

 

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის და საგანმანათლებლო სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით 2015 წლიდან ახორციელებდა ერთობლივ პროგრამებს: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება და ქიმია. ამჟამად თსუ-ში გრძელდება კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა.

თარიღი: 24/05/2025