Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასი - CERN/IPPOG

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა (CERN) და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო შემეცნებითი CERN/IPPOG მასტერკლასების 2025 წლის სესიების მეორე შეხვედრას, რომელიც სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასტერკლასი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახა ჭეიშვილმა და საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა გახსნეს.

 

CERN/IPPOG-ის შემეცნებითი მასტერკლასების მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით. CERN-ის მეთოდიკით ჩატარებული ვორქშოპის ფარგლებში მოზარდებს, უცხოელ თანატოლებთან ერთად, საკუთარი უნარების წარმოჩენისა და შეფასების კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

CERN/IPPOG-ის მასტერკლასები საქართველოში ყოველწლიურად იმართება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანია მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვა პროცესში. 2025 წელს დაგეგმილია კიდევ 4 მასტერკლასის ჩატარება 4 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიმდინარე წელს მასტერკლასები პარალელურად მიმდინარეობს ხორვატიაში, ბულგარეთში, თურქეთსა და კვიპროსში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და CERN/IPPOG-ს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წლიდან საქართველო IPPOG კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრია.

თარიღი: 10/03/2025