შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში 2024 წლის „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებულები მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდა მეცნიერები არიან, მათ შორის ყველაზე მეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან:
თამარ ნოზაძე - ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატი ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ფიზიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გურანდა ავქოფაშვილი - დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატი აგრარული მეცნიერებების მიმართულებით, ქიმიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი;
გიორგი ამირანაშვილი - დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ნათია მიროტაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, ფილოლოგიის დოქტორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;
სოფიო ქადაგიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიატი საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ისტორიის დოქტორი, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის იმ ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერს სტიპენდია კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში მეცნიერებაში მიღწეული შედეგებისთვის, წარმატებული საქმიანობისთვის ენიჭება. კონკურსის გამარჯვებულები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალური პრიზი გადაეცა რუსთაველის ფონდის 2024 წლის კონკურსის „პრემია ქალები მეცნიერებაში - განსაკუთრებული მიღწევებისთვის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით“ გამარჯვებულ მეცნიერს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრის გამგეს, პროფესორ ნანული კოტრიკაძეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადასცეს.