Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზადება ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრულ აკადემიურ გამოცემას მოამზადებს.

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა პირველი ტომი 2026 წელს,  დიდი მეცნიერის დაბადებიდან 150 წლისთავისათვის გამოიცემა.

 

„მომავალ წელს, ჩვენი ქვეყანა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სწორედ, ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემის მომზადებაა”, - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

„ვფიქრობ, დღეიდან კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავა ამ გამოცემაზე მუშაობა. ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  ივანე ჯავახიშვილმა განსაკუთრებული როლი შეასრულა მეოცე საუკუნის ისტორიაში. სიმბოლურია, რომ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ეწერება  ივანე ჯავახიშვილის მემორიალურ კაბინეტში, მისი წიგნების და ნივთების გარემოცვაში, მის სამუშაო მაგიდაზე“, - განაცხადა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

 

ღონისძიების შემდგომ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც შეკრებილმა მეცნიერებმა განიხილეს გამოსაცემად მოსამზადებელი მასალის დამუშავების სირთულეები, სარედაქციო საკითხები და პირველ ტომზე მუშაობის პროცესის მიმდინარეობა.

თარიღი: 07/05/2025