თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი “Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალის გამომცემელი გახდა. საქართველოს მასშტაბით სოციალურ მეცნიერებებში პირველი Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული იმპაქტფაქტორის მქონე ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოცემაა.
„ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“ (European Journal of Transformation Studies) გამოირჩევა მაღალი დონის საერთაშორისო ავტორებით და მრავალეროვნული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობით. ჟურნალი განიხილავს ისეთ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გლობალური კრიზისები, კონფლიქტები, განათლება, საერთაშორისო პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ინსტიტუტები და სხვა.
ჟურნალი 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად უწყობს ხელს ინტერდისციპლინური დიალოგის გაღრმავებას. მისი სარედაქციო საქმიანობა დაფუძნებულია მთლიანად საზოგადოებრივ საფუძველზე — რედაქტორებისა და რეცენზენტების თავდადებულ შრომაზე. წლების განმავლობაში ჟურნალი გახდა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან და უწყობს ხელს აკადემიური აზრის გაცვლას.
„ტრანსფორმაციის კვლევების ევროპული ჟურნალი“ საერთაშორისო მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2015 წელს აისახა ევროპის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მონაცემთა ბაზაში (ERIH Plus), ხოლო 2017 წელს შევიდა Web of Science-ის Emerging Sources Citation Index-ში. ეს მიღწევები წარმოადგენს ჟურნალის სანდოობისა და აკადემიური ხარისხის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.
ჟურნალის გამოცემაში თსუ-ის პარტნიორია გდანსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), წმ. კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტი ტრნავაში (სლოვაკეთი) და ევროპის პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი (პოლონეთი).