Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაზე NAFSA 2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებაში — განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც სან დიეგოში (აშშ) გაიმართა.

 

კონფერენცია აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, აკადემიური მობილობის გაფართოებასა და სტრატეგიული გლობალური პარტნიორობის გაღრმავებას.

 

თსუ დელეგაციის წევრები - საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა და დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობდნენ კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის: საფრანგეთის, თურქეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, აშშ-ის,  ჰონგ-კონგის, ინდოეთის, არგენტინის, ჩეხეთის, იაპონიის, ხორვატიის, ომანის, პორტუგალიისა და რუმინეთის უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა როგორც მიმდინარე პროექტები, ისე ახალი ინიციატივები, მათ შორის Erasmus+ KA171-ის განაცხადების მომზადება, მობილობის ახალი მიმართულებების განვითარება, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნა და მემორანდუმების გაფორმება, არსებული პარტნიორობის გაღრმავება, ახალი თანამშრომლობების ინიცირება და მომავლის ერთობლივი პროექტების სტრატეგიული დაგეგმვა.

 

NAFSA 2025-ის ფარგლებში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თსუ-ს სტრატეგიული ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელებას, პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების განმტკიცებას.

თარიღი: 30/05/2025