Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ და მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტი აკადემიურ თანამშრომლობას იწყებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს (UMCS), სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის სამართლის მეცნიერებათა ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ პროფესორმა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდულმა, UMCS-ის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა არკადიუშ ბერეზამ, სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იაროსლავ კოსტრუბიეცმა და სამართლის მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარეკ კულიკმა მოაწერეს.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ პარტნიორობას, რომელიც მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივ გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო კონფერენციებისა და აკადემიური პუბლიკაციების ორგანიზებას, აგრეთვე ინოვაციური საგანმანათლებლო ინიციატივების წამოწყებას.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორივე უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრების თანამშრომლობას, რაც მიმართულია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებასა და ამ მიმართულებით კვლევებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

 

მემორანდუმით საფუძველი ეყრება რეგიონთაშორისი აკადემიური თანამშრომლობის მდგრად ქსელს, რომელიც გააერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ევროკავშირის საუნივერსიტეტო სივრცეებს. აღნიშნული ქსელი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ცოდნის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების, კვლევითი უნარების გაძლიერებისა და ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

თარიღი: 03/07/2025