თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-16 საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
კონფერენციაში მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, თსუ ვიცე-რექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა მიიღეს.
„ვარძიის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდა არქეოლოგები ეცნობიან უახლეს სამეცნიერო მიღწევებს და ავითარებენ საკუთარ კვლევით უნარებს. ამ ფორმატის ღონისძიებები განსაზღვრავს სტუდენტების არა მხოლოდ ინდივიდუალურ განვითარებას, არამედ მთლიანად ქვეყნის სამეცნიერო სივრცის ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო წრეებში. ვამაყობთ, რომ თსუ არის ამ ტრადიციის წარმმართველი და აქტიური მონაწილე,“-განაცხადა თსუ რექტორმა.
როგორც ვარძიაში გამართული კონფერენციების უცვლელი მონაწილე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ ვიკერსი აღნიშნავს, "უკვე 15 წელია რაც ღონისძიების მონაწილე სტუდენტების ნაშრომებს ეცნობა და ამ ხნის განმავლობაში თვალსაჩინოა ის პროგრესი, რაც კონფერენციის მონაწილეების მხრიდან შეინიშენება, რაშიც დიდი წვლილი თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელს მიუძღვის".
ვარძიის კონფერენციის სამეცნიერო მნიშვნელობას განსაზღვრავს უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების, სიახლეების, შედეგებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა-გაზიარება. კონფერენცია ქართველ სტუდენტ არქეოლოგებს საშუალებას აძლევს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების კვლევებს. გარდა ამისა, კონფერენციის დაარსების პირველივე წლიდან სამუშაო ენა ინგლისურია, რაც განსაზღვრავს ქართველი სტუდენტების მზაობას საერთაშორისო სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
ვარძიის კონფერენციაზე მოხსენებებს წარადგენენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან, რომელთა შერჩევაც ხდება წინასწარ წარდგენილი თეზისების აქტუალობისა და ხარისხის მიხედვით. მოხსენებებს შეაფასებენ მუდმივი სამეცნიერო კომისიის წევრები - ქართველი და უცხოელი პროფესორები.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი ლუკა გოგალაძე უკვე მეორე წელის ესწრება კონფერენციას. "წელს უკვე ჩემი და მეგობრების საერთო პროექტით ვმონაწილეობ, რომელიც კონფერენციაზე საერთაშორისო აუდიტორიას წარვუდგინე. ვფიქრობ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი კარიერისა და სამომავლო წარმატების თვალსაზრისით, რაც ევროპის თუ დასავლეთის სამეცნიერო წრეებში ინტეგრაციასაც გულისხმობს",- აცხადებს ლუკა.
თსუ-ის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად კონფერენციაში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის, ოქსფორდის, კემბრიჯის, ნოტინგემის, ინსბრუკის, ედინბურგის უნივერსიტეტების, ოქსფორდის უნივერსიტეტის იესოს კოლეჯი, ნიკოლაუს კოპერნიკუსის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტი, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, ათენის ნაციონალური კაპოდისტრის უნივერსიტეტი, თეირანის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალგაზრდა არქეოლოგები და მეცნიერები მონაწილეობენ.