geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული სტუდენტების წარმატებული კარიერის დასაწყისი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სტუდენტებმა სწავლის პროცესში მიღებული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით პირველ წარმატებებს მიაღწიეს.

 

გვანცა ცხადაძე “კრედო ბანკი”-ს ზესტაფონის ფილიალში ანაზღაურებად სტაჟირებაზე შეარჩიეს. გვანცა ბანკის ფილიალში კლიენტთა მრჩეველის პოზიციაზე მუშაობს. ქეთევან საღინაძე კი “მათე მოტორსი”-ს ქუთაისის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

 

გვანცა ცხადაძის თქმით, პროფესიულ პროგრამაზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად ეხმარება მას პროფესიულ განვითარებაში. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე მომეცა შესაძლებლობა, რეალურ სამუშაო გარემოში გამომეყენებინა მიღებული ცოდნა, შემეძინა ახალი უნარები და უკეთ გამეცნო საფინანსო სექტორის საქმიანობა. “კრედო ბანკში” ფასიანი სტაჟირება ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება და კარიერული განვითარების ახალი ეტაპია”,-აღნიშნა მან.

 

            პროფესიულ პროგრამაზე მიღებული ცოდნა განსაკუთრებით ღირებულია ქეთევან საღინაძისთვის. დღეს ის ცოდნის გამოყენებას უკვე რეალურ საქმიანობაში შეძლებს. “პროფესიული განათლება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სწავლა რეალურ პროფესიულ წარმატებად იქცეს“,-განაცხადა ქეთევან საღინაძემ.

 

            პროფესიული პროგრამის “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) ხელმძღანელი ხათუნა ტყეშელაშვილი თვლის, რომ პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე დამსაქმებლებთან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობაა. მისი თქმით, აქტიური თანამშრომლობა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან 2020 წლიდან დაიწყო, რაც პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ქმნის რეალურ შესაძლებლობებს მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ ფინანსურ სექტორში. “ამ თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია პროგრამის ორი სტუდენტი, რომელთაგან ერთი ამჟამად ჩვენი ბიზნეს პარტნიორ „კრედო ბანკში“ ანაზღაურებად სტაჟირებას გადის, მეორე კი კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებისთვის რეალურ პროფესიულ შესაძლებლობებად გარდაიქმნას. წარმატებებს ვუსურვებ გვანცას და ქეთის პროფესიული განვითარების გზაზე! მათი წარმატება ჩვენი პროგრამისა და დამსაქმებლებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის წარმატებაცაა”,-აღნიშნა ხათუნა ტყეშელაშვილმა.

თარიღი: 18/08/2026