Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუმრად დაჩის სამყაროში

 

ოტია იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრები''-ს გმირები და იქ წარმოდგენილი მარადიული თემები თსუ-ში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განიხილეს. ღონისძიება თსუ ბიბლიოთეკისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,საბიბლიოთეკო საქმის'' სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ჭეიშვილის განცხადებით, პროფესიულმა სტუდენტებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან ერთად მნიშვნელოვანი ღონისძიება გამართეს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდების წიგნიერების დონის ამაღლებაში. მისივე თქმით, ეს არის კარგი ტრადიცია, რომელიც თსუ-ს და პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით მომავალშიც გაგრძელდება.

 

როგორც თსუ ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველოს ხელმძღვანელმა, პროგრამის პროფესიულმა მასწავლებელმა ხათუნა ჩუგოშვილმა აღნიშნა, “დაჩის ზღაპრები” იმ გრძნობებით სავსე წიგნია, რომელიც მარადიულ თემებს ეხმიანება: ოჯახი, დედა-შვილობა, მეგობრობა, ერთგულება. მისივე სიტყვებით, ამ წიგნს ესაჭიროება მეტი პოპულარიზაცია, რაშიც სიამოვნებით ჩაერთნენ თსუ ბიბლიოთეკა და პროფესიული პროგრამა „საბიბლიოთეკო საქმე“.

 

„დაჩის ზღაპრები“ ეს არის წიგნი სიყვარულზე, მეგობრობასა და ოჯახზე. ეს არის წიგნი, რომელზეც ბავშვებს მუდამ უნდა ვესაუბროთ. ეს არის ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის,“-აღნიშნა პროფესიულმა სტუდენტმა ლევან ყაულაშვილმა. მისივე თქმით, სტუდენტები მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებით შეეცადნენ მოსწავლეებთან ერთად ემოგზაურათ დაჩის სამყაროში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი ქართული სკოლისა და მე-8 საჯარო სკოლის III-V კლასის მოსწავლეები, რომელთაც უნივერსიტეტში ასევე უმასპინძლეს დიდი ოტია იოსელიანის შთამომავლებმა - უმცროსმა ოტია იოსელიანმა და მისმა მეუღლემ ნუცა ცისკარიშვილმა. როგორც ოტია იოსელიანმა განაცხადა, წელს მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება - „დაჩის ზღაპრებს“ 50 წელი შეუსრულდა, და მისასალმებელია, რომ ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ გაიხსენებენ წიგნის გმირებს და მარადიულ თემებს, ასევე ხელს შეუწყობენ წიგნის კითხვის კულტურის განმტკიცებას ახალგაზრდებში. 

თარიღი: 22/11/2023