რევაზ ჯაფარიძე

დაბადების თარიღი: 23/05/1923
პროფესია: მწერალი

ცნობილი ქართველი მწერალი რევაზ ჯაფარიძე დაიბადა 1923 წლის 23 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითში. 1942-1946 წლებში, ომის დროს, იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ლოგიკის განხრით. პირველი მოთხრობა ,,სიზმარი ზღვაზე’’ ჯერ ისევ სტუდენტობისას 1949 წელს გამოაქვეყნა, პირველი რომანი ,,ხევის პატარძალი’’ წიგნად გამოსცა 1951 წელს. 1955 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. რევაზ ჯაფარიძის კალამს ეკუთვნის რომანები - ,,ხევის პატარძალი’’, ,,ჯარისკაცის ქვრივი’’ ორ წიგნად, ,,მძიმე ჯვარი’’ ოთხ წიგნად. ,,ვნების კვირა’’, ,,გზა გოლგოთისაკენ’’, ,,მხევალი უფლისა’’, მოთხრობები - ,,მარუხის თეთრი ღამეები’’, ,,ჯიმარაის ტუსაღები’’, ,,მხიარული მატარებელი’’, ,,წაბლა და ნიკორა’’, ,,ხმა იდუმალი’’, ,,ღმერთო, მომაგონე!’’, ,,იონა’’, ,,ახლო არს ზაფხული’’, მოთხრობათა ციკლი ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მრავალი სხვა. ცალკე წიგნად გამოიცა და მეორე ტომში გაერთიანდა მოგზაურობის შთაბეჭდილებანი: ,,ბუხენვალდის სამრეკლო’’, ,,ადამიანის მორჩილი ზღვა’’, ,,ევროპაში და ევროპის გარშემო’’ და ა.შ. რევაზ ჯაფარიძეს თარგმნილი აქვს ი. ბაბელის, ნ. ტიხონოვის, ი. ბონდარევის, ჯ. გოლსუორთის, ვ. კერნბახისა და სხვათა ნაწარმოებები. თავად მისი რომანები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ლიტვურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, რუმინულ, უნგრულ ენებზე. 1958 წელს რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ რევაზ ჯაფარიძის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი ,,სხვისს შვილები’’, რომელმაც მრავალი ფესტივალის პრიზი დაიმსახურა. 1983 წელს რომან-ეპოპეა ,,მძიმე ჯვარისათვის’’ რევაზ ჯაფარიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1993 წელს მწერლის ახალი რომანი ,,გზა გოლგოთისაკენ’’ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

მასზე




ბიოგრაფიის შეთავაზება
ელექტორნულ ენციკლოპედიაში განთავსებულია ბიობიბლიოგრაფიული მონაცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ავტორთა შესახებ