რევაზ გაბრიაძე

დაბადების თარიღი: 29/06/1936
პროფესია: მხატვარი, რეჟისორი

1964 წელს რევაზ გაბრიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები. იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “სერენადა” (1968), “არ დაიდარდო” (1969), “ქვევრი” (1970), “ფეოლა” (1970), “შერეკილები” (1973), “მიმინო” (1977), “ქინძაძა” (1987) და სხვა. როგორც მხატვარმა რევაზ გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. იგი თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც მართავს გასტროლებს. 1994-1995 წლებში რეზო გაბრიაძე მოსკოვში სერგეი აბრასცოვის სახელობის აკადემიური ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. 90–იან წლებში კი მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. 2004 წელს მანვე დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“. რეზო გაბრიაძის თეატრი არა ერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. 2012 წელს მოსკოვში თეატრ, “თეატრალური ხელოვნების სტუდიაში” სპექტაკლ “რამონას” პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი თავადვეა. რეზო გაბრიაძე არის – საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“ (1997, მოსკოვი), „ოქროს სოფიტი“ (1997, მოსკოვი), და ცარსკოე სელოს პრემიისა. (1997, პეტერბურგი)

ბიბლიოგრაფია

მასზე

  • უცხო ჩიტი, ქუთაისი., ,,საბჭოთა საქართველო’’, 1978.
  • შერეკილები, თბ., ,,საბჭოთა საქართველო’’, 1983.




ბიოგრაფიის შეთავაზება
ელექტორნულ ენციკლოპედიაში განთავსებულია ბიობიბლიოგრაფიული მონაცემები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ავტორთა შესახებ