თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი, სამართლის დოქტორი ნანა მჭედლიძე „ერაზმუს +“-ის პროგრამით გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მას ქვეყნის ერთ-ერთმა უძველესმა უმაღლესმა სასწავლებელმა – მარტინ ლუთერის სახელობის ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მან გერმანელი სტუდენტებისთვის, პროფესორებისა და მკვლევრებისთვის ლექციები წაიკითხა და, ამავდროულად, თავადაც გაეცნო უცხოელი კოლეგების საერთაშორისო გამოცდილებას.
,,ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესორ იოაჰიმ რენციკოვსკისთან მუშაობა, რომელსაც თავად აქვს სტრასბურგის სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების გამოცდილება. ასევე ღირებული იყო შეხვედრა პროფესორ ქრისტიან ტიტიესთან, რომელიც ევროპული სამართლის აღიარებული მკვლევარია”, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნანა მჭედლიძემ, რომელიც უკვე წლებია დაინტერესებულია გერმანიის სასამართლოების მიერ გამოყენებული დასაბუთების სტანდარტის შესწავლით.
მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში ვიზიტისას ნანა მჭედლიძემ სწორედ პროფესორი რენციკოვსკის ჯგუფის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა ორი ლექცია. დისკუსია ქმედითი გამოძიების ვალდებულებასა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების საკითხებს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ს ლექტორი თავადაც დაესწრო გერმანელი კოლეგების მიერ წაკითხულ ლექციებს. ,,საინტერესო იყო სამართლის
დოქტორის, ბ-ნი რობერტ ბიოტნერის ლექციებზე დასწრება, სადაც გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა განვიხილეთ. ჩემი სადოქტორო დისერტაცია – „დასაბუთების სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“ – ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოებისა და პრაქტიკის ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობასაც და, ამდენად, გერმანული პერსპექტივის მოსმენა ჩემთვის ძალზედ ღირებული იყო. აგრეთვე მოვისმინე სამართლის დოქტორის, ბ-ნი ბიორნშტერნ ბაადეს ლექცია თემაზე – სიძულვილის ენა და სოციალური უფლებები”, – ამბობს ნანა მჭედლიძე.
გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რესპონდენტი სიამაყით იხსენებს გერმანიაში მის მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციას, რომლის მოდერატორიც პროფესორი ტიტიე გახლდათ. „ეს იყო ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება, წარვმდგარიყავი მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორების, დოქტორანტების, მკვლევრების წინაშე და წარმომედგინა ორიგინალური კვლევა, რომელიც სპეციალურად ამ გამოსვლისთვის ჩავატარე. დასმული შეკითხვები, კომენტარები იყო ის, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ჩემს გამოსვლას და დღემდე მადლიერებით ვიხსენებ იმ ყურადღებასა და დაინტერესებას, რაც ჩემმა გამოსვლამ დაიმსახურა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტში“, – გვითხრა ნანა მჭედლიძემ. მისი საჯარო ლექციის თემა უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსს შეეხებოდა და ბოლოდროინდელ საქმეებს მიმოიხილავდა გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.
სამართლის დოქტორი ნანა მჭედლიძე მადლიერებით საუბრობს როგორც თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლების (ქალბატონ თეა გერგედავასა და ქალბატონ ირინა გამყრელიძის), ისე მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომლების (დოქტორ აზარ ალიევის, დოქტორ ლიუბოვ ზაზულინასა და ქალბატონ კატია რიხტერის) ფასდაუდებელ მხარდაჭერაზე, რომელთა დახმარებითაც „გაცვლითი პროგრამის ლაბირინთებში გარკვევა“ და ყველა პროცედურული საკითხის მოგვარება სირთულეების გარეშე მოხერხდა.
გერმანიაში ერთკვირიან ვიზიტს ნანა მჭედლიძე თავის პროფესიულ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ გამოცდილებად აფასებს. „როცა განსხვავებულ კულტურულ და აკადემიურ გარემოში საკუთარი ცოდნის გადატანის შესაძლებლობა გაქვს, როცა უცხო სტუდენტებთან და მკვლევრებთან საუბრისას ხედავ, რომ შენი მაგალითები, შენი გამოცდილება მათთვის საინტერესო და ღირებულია, ეს უფრო გაძლევს მოტივაციას, განაგრძო განვითარება“, – გვიყვება ნანა მჭედლიძე.
აკადემიური ცოდნის გაღრმავებასთან ერთად იგი ადამიანურ ურთიერთობებსა და მასპინძელი პროფესორების მიერ გამოჩენილ გულისხმიერებას უსვამს ხაზს: „პროფესორებმა თანასწორ კოლეგად მიმიღეს, სამუშაო სივრცეს მითმობდნენ და მთელი ვიზიტის განმავლობაში ყურადღებას იჩენდნენ. პროფესორმა რენციკოვსკიმ უნივერსიტეტის ისტორიული შენობები დამათვალიერებინა… სწორედ ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტებით არ იზომება – ის ადამიანებს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დგას“.
ვიზიტი გერმანიაში თსუ-სა და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ფასეული ცოდნის გაზიარებას ემსახურებოდა. ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა კვლავაც აქტიურად გრძელდება.
მასალა აღებულია გაზეთიდან "თბილისის უნივერსიტეტი"
ავტორი: ნინო ჩარკვიანი