Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საბა ბასილაძემ გერმანიაში სწავლისას თავისი პროფესია სხვა პერსპექტივიდან დაინახა

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტმა საბა ბასილაძემ ერთი სემესტრი გერმანიაში, მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლა. საბას თქმით, ნაყოფიერი სემესტრის განმავლობაში თავისი პროფესიის ახალი, უფრო საინტერესო და განსხვავებული ,,დარგები” აღმოაჩინა.

 

,,გერმანიაში სწავლის პერიოდში ფართო რაკურსით შევხედე ჩემს სპეციალობას და დავინახე განვითარების ახალი გზები, რომელიც კიდევ უფრო შეესაბამება ჩემს ინტერესებსა და უნარებს, რაც უფრო მეტ მოტივაციას მმატებს. მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში კარგად დავინახე ის პრინციპები და მიდგომები, რომლითაც იქაური უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ სასწავლო პროცესის წარმართვისას. დამატებით აქტივობებში ნაკლებად ვიყავი ჩართული, ძირითადად, უნივერსიტეტში არჩეულ საგნებზე ვიყავი კონცენტრირებული”, – გვიყვება საბა.

 

თსუ-ს მაგისტრანტი გერმანიაში ისეთ საკითხებს გაეცნო, როგორებიცაა საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი, გერმანიისა და ევროპის კერძო სამართალი, ევროკავშირის კონკურენციის სამართალი და საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მექანიზმები. როგორც თავად აღნიშნავს, სასწავლო კურსები მისთვის გამორჩეულად საინტერესო იყო, რასთანაც შეხება თსუ-ში არ ჰქონია.

 

აკადემიურ პროცესში მონაწილეობის პარალელურად საბამ ევროპაშიც იმოგზაურა. იგი ესტუმრა პორტუგალიას, ესპანეთს, ჩეხეთსა და უნგრეთს, თუმცა, როგორც აღნიშნავს, ძირითადად, მაინც გერმანიის ქალაქების მონახულებაზე იყო კონცენტრირებული, რადგან სტუდენტებისთვის ქვეყნის შიგნით მგზავრობა უფასო იყო. გერმანული კულტურა და სოციალური ნორმები მისთვის „სამხრეთულ ქვეყნებთან შედარებით უხეში, მკაცრი და ფორმალიზებული“ აღმოჩნდა, თუმცა გამორჩეულად თბილი შთაბეჭდილება დაუტოვა ქალაქმა ნიურნბერგმა თავისი „მშვიდი, კომფორტული და მყუდრო განწყობით“.

 

საბა ბასილაძისთვის გაცვლითი სემესტრის მთავარი მონაპოვარი საკუთარი პროფესიის ახალი პერსპექტივით დანახვაა. ამავდროულად, იგი გაეცნო უცხოური განათლების სპეციფიკას, ინგლისურ ენაზე მიიღო მაღალი ხარისხის განათლება და საერთაშორისო სტუდენტების გამოცდილებაც გაიზიარა. როგორც გვითხრა, დაბრუნების შემდეგაც აქტიურად აგრძელებს ახალი ინტერესების მხრივ სიღრმისეული და საფუძვლიანი ცოდნის მიღებას.

 

მასალა აღებულია გაზეთიდან "თბილისის უნივერსიტეტი"

ავტორი: ნინო ჩარკვიანი

თარიღი: 10/11/2025